უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა კონსულტაციები გამართეს. დღეიდან რადაში კონსულტაციები ახალი კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით გაიმართება.
კოალიციაში მოხვდება ყველა ის სუბიექტი, რომლისთვისაც მისაღებია უკრაინის დემოკრატიული განვითარება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
„კონსტიტუციურმა უმრავლესობამ, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მხარი დაუჭირა უკრაინის კურსს ევროპისკენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს პრეზიდნეტის სამშვიდობო გეგმას და ახლა ელიან დონბასში არსებული ვითარების პოლიტიკურად მოგვარებას. უმცირესობაში რჩებიან დემაგოგები და პოპულისტები, ისინი ვინც სამხედრო გზას ირჩევენ და ხალხის ყურადღების მიპყრობას ამ მარტივი რეცეპტებით ცდილობენ, როცა პრობლემა ძალიან სერიოზულია. დიდი მადლობა თქვენ რომ მისმენდით და მხარი დაგვიჭირეთ”, - განაცხადა პოროშენკომ.
უკვე ცნობილია, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში 29-დან 7 პოლიტიკური სუბიექტი მოხვდება, მათ შორის პრემიერ იაცენუკის „ნაციონალური ფრონტი“, ასევე „ოპოზიციური ბლოკი“, „რადიკალური პარტია“ და არ არის გამორიცხული, ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“.
კოალიციის ფორმირებაზე ისაუბრა უკრაინის პრემიერ-მინისტრმაც.
„მე უკვე შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს და უახლოეს ხანებში ჩვენ კოალიციის ფორმირებას მოვახდენთ, რათა ახალმა მთავრობამ და პარლამენტმა შეძლონ საჭირო რეფორმების გატარება. ახალი კოალიციის საფუძველი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქნება. იმედი მაქვს მთავრობის კაბინეტი პროფესიონალებისგან იქნება დაკომპლექტებული”, - განაცხადა არსენ იაცენუკმა.
მასალის გამოყენების პირობები






