პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან. საჩივრის შეტანას პროკურატურაში ისინი დღეს გეგმავენ.
საქმე ეხება 19 ივნისს აზერბაიჯანში ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ოპოზიციის წევრები მაშინ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულის უკანონოდ გადმოტანის მცდელობაში დაადანაშაულეს. ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს ელჩმაც. თუმცა მოგვიანებით დეპუტატები საქართველოში უპრობლემოდ დაბრუნდნენ.
კახი კალაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პარლამენტის წევრები თანხის დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლეს.
„ჩვენ მოვიგეთ სარჩელი ეთიკის ქარტიის საბჭოში, რომელმაც დაადასტურა, რომ „ინტერპრესნიუსმა“ ჩემთან და ირმა ნადირაშვილთან მიმართებით გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ახლა კი შეგვაქვს სარჩელი კახა კალაძისა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა პროკურატურამ დაადგინოს, თუ რის საფუძველზე გაავრცელეს მათ ეს ინფორმაცია,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






