პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ამერიკულ გამოცემა Politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი პოლონეთის ხელისუფლებას უკრაინის ოკუპაციაში მონაწილეობას სთავაზობდა.
მისი თქმით, უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ პუტინი ცდილობდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში პოლონეთიც ჩაეთრია. „მას სურდა, გავმხდარიყავით უკრაინის დანაწევრების მონაწილე... პუტინს სურდა, პოლონეთს უკრაინაში ჯარი გაეგზავნა. ეს იყო სიგნალები, რომლებსაც ისინი გვიგზავნიდნენ", - განაცხადა სიკორსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ვარშავისთვის „წლების განმავლობაში" ცნობილი იყო, რომ რუსეთს უკრაინის დანაწევრება სურდა. „ეს იყო ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც პუტინი პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკს ესაუბრა, როდესაც ის მოსკოვში ჩავიდა. იგი ამბობდა, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, რომ ლვოვი პოლონური ქალაქია და რატომ არ უნდა მოგვეგვარებინა ერთად ეს საკითხი?", - აღნიშნა სიკორსკიმ.
სიკორსკის აზრით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის 2008 წლიდან ემზადებოდა, როდესაც NATO-ს ბუქარესტის სამიტზე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, რამდენიმე თვეში კი რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
გარდა ამისა, სიკორსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრების დროს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინი ვიქტორ იანუკოვიჩს ყირიმის ოკუპაციით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერდა.
მასალის გამოყენების პირობები






