ეს ნაკლები უბედურება იქნებოდა დემოკრატიული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, რაც ქვეყანას მისცემდა პროგრესისა და განვითარების გზაზე დაბრუნების შანს, როდესაც ,,მეოცნებეების’’ მიერ შეცდომაში შეყვანილი მოსახლეობა გონზე მოვიდოდა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მონახვის მიზნით შესაბამის დასკვნებს გააკეთებდა. სამწუხაროდ სახელმწიფო მოდელი, რომლის შექმნისკენაც ილტვის ,,ქართული ოცნება’’ და პირადად პრემიერი ივანიშვილი, სულ უფრო და უფრო გვაგონებს პროვინციული პუტინიზმის სისტემას, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ,,მეოცნებეთა’’ მიერ ხელისუფლების სრული მონოპოლიზაციის შემთხვევაში, სამომავლოდ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სრულიად მოიხსნება დღის წესრიგიდან, ისევე, როგორც რუსეთსა და უკრაინაში.
ეს რომ ლიტონ სიტყვებად არ დამრჩეს, მოვიყვან კონკრეტულ ფაქტებს იმისა, თუ რამდენად არის ივანიშვილის მიერ საქართველოში შექმნილი სისტემა ანალოგიური იმ სახელმწიფო მოდელის, რომელიც პუტინმა შექმნა რუსეთში.
საქართველოში ახალი ხელისუფლების მიერ განახორციელებული მასიური დაჭერები, მიმდინარეობენ ოპონენტების ფინანსურ დანაშაულებებში, ანდა, რიგ შემთხვევებში, მათ მიერ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. ეს ყოველივე კი ორი წვეთივით ჰგავს პუტინის მიერ ხადარკოვსკისთვის წაყენებულ ბრალდებებს, რომელსაც დღევანდელი კრემლის ხელისუფალნი ედავებიან მხოლოდ ეკონომიკურ დანაშაულებებს, რითაც ცდილობენ სრულიად მიჩქმალონ ამ საქმის რეალური პოლიტიკური ასპექტები. იდენტურია პუტინის და ივანიშვილის არგუმენტებიც. მახსენედება პუტინის მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნათქვამი სიტყვები ,,Пусси Риот’’-ის წევრთა მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით: - ჩვენ არ ვერევით და არც გვაქვს უფლება ჩავერიოთ ,,დამოუკიდებელი’’ სასამართოს საქმიანობაში. ბრალდება გამოიტანა მან და არა ჩვენ.
თვალში საცემია სრული იდენტურობა იმ მეთოდების, რომლებსაც იყენებენ ივანიშვილიც და პუტინიც ხელისუფლების მონოპოლიზაციის მიზნით. თავის დროზე პუტინმა, ორ საპრეზიდენტო ვადებს შორის იძულებითი ინტერმეცოს პერიოდში, საკუთარი ტახტის მცველად აირჩია მედვედევი, უსახო ბიუროკრატი, რომელსაც პუტინის კონტროლიდან გასვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, იგივე მეთოდის გამოყენებას გეგმავს მისი ქართველი მიმბაძველიც. ამ შეთმხვევაში ,,ხელის ბიჭის’’ როლზე წარდგენილია ვახტანგ ხმალაძე, ,,ქართული ოცნების’’ გამოჩენამდე ყველას მიერ დიდ ხნის წინ დავიწყებული შევარდნაძის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, რეალური ძალაუფლება პრემიერის ხელშია, რომელიც ტოტალურ კონტროლს უწევს ქვეყნის ფორმალურად პირველ პირს.
არანაკლები მსგავსება იკვეთება პუტინისა და ივანიშვილის რეჟიმებს შორის იმ წმინდა ბოლშევიკური მეთოდების გამოყენებაში, რასაც ადგილებზე მიმართავენ ,,ოცნების’’ აქტივისტები. მხედველობაში მაქვს ტერორისა და დაშინების მეთოდების გამოყენება, რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობიდან მათთვის არასასურველი პირების არაკანონიერი განდევნისა და მათი ივანიშვილის კოალიციის მომხრეთა მიერ ჩანაცვლების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე გამგებელი ,,ჭირვეულობას’’ გამოიჩენს, მის წინააღმდეგ, როგორც წესი, საქმე იღძვრება ფინანსური დარღვევების ბრალდებით. ამრიგად პიროვნებას უყენებენ ალტერნატივას: - ან ,,ნებაყოფლობით’’ დატოვოს დაკავებული პოსტი, ანდა აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ამას ემატება თავად პრემიერის განცხადებები, რომ ,,დამნაშავეთა შენდობა’’ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი ისინი თავად და საჯაროდ მოინანიებენ ,,ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულს და მათ მიერ შექმნილ დანაშაულებრივ რეჟიმს’’.
თუ კი ვიმსჯელებთ მოვლენათა ისტორიული პარალელების კატეგორიებით, ყველაფერი ეს ძალიან გვაგონებს 1921-23 წლებში, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ძალადობრივი ანექსიის შემდგომ დატრიალებულ მოვლენებს. კერძოდ ბოლშევიკთა პოლიტიკას, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ სხვა ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიის ლიკვიდაცის მიზნით. სცენარი აბსოლუტურად ანალოგიური იყო: - ხალხის სახელით მოქმედი თავზეხელაღებული კომკავშირული ბანდები, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებნენ სხვა პოლიტიკურ პარტიათა რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ე. წ. ,,სალიკვიდაციო ყრილობების’’ ჩატარებას, რომლებზედაც ცხადდებოდა ამა თუ იმ პარტიული ორგანიზაციის ,,ნებაყოფლობითი’’ დაშლა. ისევე როგორც დღეს, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინააღმდეგობის გამწევთ ემუქრებოდა არა მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნა, არამედ ციხეც. ივანიშვილის სიტყვები იმის შესახებ, რომ ,,ნაციონალებმა’’ საჯაროდ უნდა მოინანიონ მათ მიერ ჩადენილი ,,დანაშაული’’ სხვა არაფერია, თუ არა მინიშნება ამგვარი ,,სალიკვიდაციო ყრილობების’’ ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
ამავე დროს, ეს ყველაფერი იწვევს თავად ივანიშვილის რეჟიმის სულ უფრო მზარდ დელეგიტიმიზაციას, რადგან რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა მასობრივ უკანონო გადაყენებას სავსებით შესაძლებელია მიეცეს მცოცავი სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია. მიზეზი, რის გამოც ,,ოცნების’’ ქმედებების წყალობით დასავლეთის მიერ დაჟინებით და არაერთგზის მოთხოვნილმა პოლიტიკურმა კოჰაბიტაციამ სრული ფიასკო განიცადა, აიხსნება იმით, რომ პუტინური რუსეთის ტიპის პოსტსაბჭოთა ოლიგარქიული სისტემა, რომლის ფორსირებული ფორმირებაც ხდება საქართველოში ივანიშვილის მიერ, საკუთარი არსით ვერ ეგუება მშიდობიან თანაარსებობას ოპონენტებთან. მისი მთავარი პრინციპი პოლიტიკურ სისტემაზე სრული კონტროლის დამყარება გახლავთ, რაც თავის მხვრივ, სავსებით გამორიცხავს რეალური და დამოუკიდებელი ოპოზიციის არსებობას.
მეორე ძალზედ მნიშნელოვანი და ბოლო დროს აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია, გამოიხატება ,,მეოცნებეების’’ გააფრთებულ შეტევაში ესოდენ დიდი შრომის ფასად ჩამოყალიბებეულ ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. განიხილავს რა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას, როგორც პირადი ხელისუფლების მონოპოლიზაციის მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად, ივანიშვილმა, ისევე როგორც თავის დროზე პუტინმა რუსეთში, გადაწყვიტა უკანასკნელთა ან სრული გაუქმება, ან, უკეთეს შემთხვევაში, ფორმალურ დონემდე დაყვანა, მათი საკუთარი ,,ხელისუფლების ვერტიკალით’’ შეცვლის მიზნით. საქართველოს შემთხვევაში ეს იძენს განსაკუთრებით საშიშ ხასიათს, რადგან პატარა და დეზინსტიტუციონალიზირებული ქვეყანა, ავტომატიურად დგება გარდაუვალი საფრთხის წინაშე შეერწყას თავის ექსპანსიურ ჩრდილოელ მეზობელს, აწ უკვე ორივე რეჟიმის ჰომოგენური არსიდან გამომდინარე. ,,ხელისუფლების ვერტიკალის’’ სისტემა რუსეთში არსებობს ნავთობზე და გაზზე პარაზიტიზმის ხარჯზე, რაც სრულიად განსხვავედება საქართველოში არსებული მდგომარეობისაგან. აქედან გამომდინარე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ქართული ოლიგარქიული სისტემის შემოქმედებს სხვა არაფერი დარჩებათ, თუ არა დაუბრუნდნენ მათთვის უკვე კარგად ჩვეულ და ცნობილ რუსულ კორუმპირებულ გარემოს.
ეხლა კი, როცა ჩვენ მოკლედ განვიხილეთ ის საერთო, რაც აერთიანებს ივანიშვილის რეჟიმს პუტინის სისტემასთან, შევეხები იმას, რაც ამ ორ რეჟიმს ერთანეთისგან განასხვავებს.
ჩვენი აზრით, მთავარი განსხვავება ამ სისტემებს შორის გადის პუტინის რეჟიმის ტრადიციულად იმპერიულ და ივანიშვილის რეჟიმის ღრმად პროვინციალურ ბუნებაზე, რასაც თან ერთვის უკანასკნელის პოლიტიკური გუნდის სრული არაპროფესიონალიზმი.
სრული სიცხადით ეს გამოვლინდა აზერბაიჯანში ივანიშვილის ვიზიტის დროს, რომელმაც მთელი სიცხადით გააშიშვლა დღევანდელი საქართველოს მთავრობის სავალალო მდგომარეობა. დაპირდა რა, თავისი დემაგოგიური წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მიერვე წაქეზებულ მოსახლეობას ფანტასტიკური ხასიათის სიკეთეებს, კომუნალური გადასახადებისა და საწვავის ფასების ლამის განახევრების სახით, ივანიშვილმა სცადა სიმბოლურად მაინც შეესრულებინა თავისი სიტყვა. ამ მიზნით, მან მიმართა წვრილმანი შანტაჟის გზას და განაცხადა ვიზიტის წინ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სტრატეგიული რკინიგზის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა გარკვეულ კითხვებს ბადებს, რის მიზეზათაც ქართული პორტების თვირთბრუნვის შემცირების შესაძლებლობა დაასახელა. მინიშნება თავიდანვე ცხადი იყო: - ბაქოს უნდა კიდევ უფრო შეემცირებინა საქართველოსათვის ისედაც დაბალი ფასები ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე, თუ მას არ სურდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს პრობლემები შექმნოდა. თავად ვიზიტის დროს გაირკვა ივანიშვილის მთავრობის სრული არაკომპეტენტურობა, რომლის წარმომადგენლები ელემენტარულ ინფორმაციასაც კი არ ფლობენ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული სიტუაციის შესახებ. მხოლოდ ვიზიტის დროს გახდა ნათელი, რომ ქვეყანაში ბუნებრივ აირზე ფასების პრობლემა ბაქოს ტარიფებთან არ არის დაკავშირებული. აზერბაიჯანი აწვდის თბილისს ნავთობს და გაზს ბევრად უფრო ნაკლებ ფასებში, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთი სომხეთს. მთავარი პრობლემა საქართველოს გამანაწილებელი სისტემის არაეფეტურობაში ძევს.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი არასახარბიელო დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ კი ხელისფლებაში კვლავაც დარჩებიან ,,მეოცნებეები’’, ქვეყნის მომავალი განვითარება აშკარა საფრთხის წინაშე დგას. არსებობს ივანიშვილის რეჟიმის პუტინური გზით ევოლუციის მკვეთრი რისკი, რაც საქართველოში იმ რუსული ყაიდის პოსტკომუნისტური ოლიგარქიული სისტემის ჩამოყალიბებაში გამოიხატება, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს დასავლური დემოკრატიის პრინციპებთან და ღირებულებებთან. პირიქით, მსგავსი რეჟიმი მათ პირადაპირ ანტიპოდს წარმოადგენს. თავად მის მიერვე შექმნილი რეჟიმის ბუნება უბიძგებს ჭორვილელ ოლიგარქს ჩაეხუტოს კრემლს.
გიორგი მამულია
სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის''
მასალის გამოყენების პირობები






