ბოლო მონაცემებით, ებოლის ვირუსისგან გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში 4 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა. პირველი ეპიდემია 1976 წელს დაიწყო და 318 შემთხვევა დაფიქსირდა. 2000-2001 წლებში მეორე ეპიდემია მოჰყვა, 425 დაინფიცირებულით, რომელთაგან 224 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
ვირუსის მესამე აფეთქება ყველაზე მასშტაბურია, თუმცა სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ებოლა ნელა ვრცელდება. შედარებისთვის, 1918-1919 წლებში ესპანურმა გრიპმა 50 მილიონი დაავადებულიდან 30 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო 2009-2010 წლებში ე.წ. ქათმის გრიპისგან (H1N1) ამერიკაში 12 500 ადამიანი გარდაიცვალა.
ემი რეის, ოჰაიოს უნივერსიტეტთან არსებული ინფექციური დაავადებების ცენტრის სპეციალისტის განცხადებით, ებოლა გადამდები მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დაავადებულებს სიმპტომები უჩნდებათ (მაღალი სიცხე, ტკივილები სხეულის არეში, დიარეა და ღებინება). ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავებით, ებოლა აირწვეთოვანი გზით არ ვრცელდება. იგი სისხლის, ოფლის ან ფეკალური მასების საშუალებით გადაიცემა. თუმცა, როცა დაავადებულის მდგომარეობა ძალიან მძიმდება, ვირუსი ნერწყვშიც ჩნდება და თეორიულად, არსებობს შანსი, რომ ფიზიკური კონტაქტისას ავადმყოფის ნერწყვის ნაწილაკების სხვა ადამიანის სასუნთქ გზებში მოხვედრისას, ეს უკანასკნელიც დაინფიცირდეს. ამიტომ, სპეციალისტები მომვლელებსა და ოჯახის წევრებს პაციენტთან კონტაქტისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ვირუსი ადამიანის ორგანიზმისგან დამოუკიდებლად, მყარ ზედაპირზე ცოტახანს ცოცხლობს და დაავადებული ადამიანის ხელშენახები ნივთებიდან დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია. რაც შეეხება, შინაურ თუ გარეულ ცხოველებს, ებოლით ინფიცირდებიან ღამურები და მაიმუნები, ასევე, ღორები და ძაღლები, თუმცა ამ უკანასკნელთ ვირუსი არ ვნებთ. თეორიულად, შესაძლებელია, ძაღლებმა ვირუსი პატრონებს გადასდონ, თუმცა ჯერჯერობით ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები






