საკრუიზო გემზე „ქარნივალ მეჯიქზე“ მყოფი ქართველი მეზღვაურები უვნებლები არიან და მათ ებოლას ვირუსი არ დაუდასტურდათ. ამ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქე სამ მეზღვაურს ხომალდის დატოვების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ გემზე ებოლას ვირუსი არ აღმოჩნდა.
ხომალდი ყველა მგზავრმა დატოვა. გალვესტონის ჯანდაცვის რეგიონულმა ორგანიზაციამ გემზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
ექიმების თქმით, ვარაუდი არ გამართლდა და ვირუსი არ აღმოაჩნდა არც გემზე მყოფ დალასის კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც საკრუიზო გემზე ასვლამდე შეხება ჰქონდა დაკვირვების ქვეშ მყოფ პაციენტებთან.
ქართველი მეზღვაურები აცხადებენ, რომ გამოკვლევის საბოლოო დასკვნამდე გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებოდნენ მგზავრებიც და ეკიპაჟის წევრებიც. გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი მგზავრის გარდაცვალების შესახებაც, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი არ დადასტურდა.
გემზე არსებული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ქართველმა მეზღვაურმა მეგობარს შეატყობინა. ბაჩანა გოგიტიძესთან სატელეფონო ჩანაწერი მისმა მეგობარმა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






