ამის შესახებ გუშინ მთავარ პროკურატურაში თაკო სალაყაიას დაკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ თავადვე განაცხადა. გაბაიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობდა გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც პასუხი გაეცა. თუმცა მას სალაყაიას დაკითხვის მიზეზე და საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე არ უსაუბრია.
გუშინ თაკო სალაყაიასთან დაკავიშრებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,
პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. გირგვლიანი 2-ის საქმე მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტს ეხება. ყველაფერი კი 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენებით დაიწყო.
,,ნიუპოსტი’’ პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ,
"2005 წლის 5 იანვარს, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს მ.ა.-ს მობილურით დაუკავშირდა თოფურიძე და განუცხადა, რომ მისი ნახვა დათა ახალაიას სურდა. ეს პიროვნება დააახლოებით, 14:00 საათზე, მთაწმინდა-კრწანისისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს დ.კ.-სთან ერთად მოდულის შენობაში მივიდა. ისინი ახალაიას მიერ დაშვებული საშვით თოფურიძის სამუშაო ოთახში ავიდნენ, რომელმაც 15-20 წუთის ინტერვალით, ჯერ მ.ა. შემდეგ კი – დ.კ. ახალაიასთან შეიყვანა. მ.ა.-ს ახალაიას გარდა, ოთახში გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირები დახვდნენ. მცირეოდენი გამოკითხვის შემდეგ, რომელიც 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის ფაქტს ეხებოდა. ახალაიამ, ალანიამ, მელნიკოვმა, თოფურიძემ და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა მ.ა. ხელებით და ფეხებით სასტიკად სცემეს, რაც დაახლოებით, 7 წუთი გაგრძელდა. ახალაია აფურთხებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ნაცემი მ.ა. იმავე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მოათავსეს. ამის შემდეგ თოფურიძემ ახალაისთან დ.კ. შეიყვანა და ამასაც დაუწყო გამოკითხვა სალაყაიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რა დროსაც გაირკვა, რომ რესტორან "ძველ სახლში" დ.კ.-ს ოჯახურ სუფრაზე მ.ა.-ს ნაცვლად სხვა პირი იმყოფებოდა, კერძოდ, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ზ.მ. ამის შემდეგ ახალაია და თოფურიძე ცალკე ოთახში მოთავსებულ მ.ა.-სთან მივიდნენ ბოდიშის მოსახდელად მივიდნენ, დაჰპიდნენ სამსახურეობრივ წინსვლას და ის გამოუშვეს მოდულის შენობიდან, თუმცა მისთვის სამსახურეობრივი პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი არ დაუბუნებიათ.
ამის შემდეგ, დაახლოებით, 16:00 საათზე გერონტი ალანიას მიერ დაშვებული საშვით დათა ახალაიას მიერ დაბარებული ზ.მ. შევიდა. ახალაიას დავალებით და სიტყვებით "გაიყვანეთ სხვა ოთახში და იქ მიხედეთ"-ო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა კუდ-ის თანამშრომლებმა ზ.მ ერთ-ერთ ოთახში დასვეს სკამზე, ქამარზე იარაღის ჩამოსაკიდი ღვედით ხელები ზურგს უკან შეუკრეს და მისი ცემა დაიწყეს, რაც განხორციელდა სამ ეტაპად და თითოეული ეტაპი ათი წუთი გრძელდებოდა. თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ სკამზე ხელებგაკრულზე იატაკზე წაქცეულს ტოვებდნენ ოთახში. ნაწამები და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ზ.მ. მოდულის შენობიდან 23:45 საათზე გამოუშვეს", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. გირგვლიანი 2-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დათა ახალაიას, შსს სამინისტროს კუდ-ის დირექტორის მოადგილეს სოსო თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვს და გერონტი ალანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის შესაბამისად დაუსწრებლად წარუდგინა.
კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისთვის დათა ახალაიას ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინა.
იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი სსკ-ის 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტება) წარედგინა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და აღნიშნულ 4 პიროვნებაზე ძებნა გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები






