19 წლის იოსებ გიორხელიძე გატაცების ფაქტზე სამართალდამცველებმა იმ აგარაკის მფლობელები დაკითხეს, სადაც მძევალი გამტაცებლებს სამი დღე ჰყავდათ დამალული.
ამ საკითხზე კრიმინალურმა პოლიციამ აგარაკის მფლობელი, მომღერალ ზურაბ კობეშავიძის მამა ჰამლეტ კობეშავიძე და მისი სიძე ზურაბ ჭუმბურიძე დაკითხეს.
ორივე მოწმე აცხადებს, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ზურაბ ჭუმბურიძე ადასტურებს, რომ ის გატაცების საქმეზე დაკავებულ დურმიშხან ღვაჩლიანს იცნობს და აგარაკის გასაღები მას თავად გადასცა. თუმცა ბრალდებულს მისთვის არ უთქვამს, რისთვის სჭირდებოდა აგარაკზე ასვლა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 წლის იოსებ გიორხელიძე 10 ოქტომბერს გაიტაცეს. ძალოვანმა უწყებამ გატაცების ფატზე 4 პირი დააკავა: დურმიშხან ღვარჩლიანი, ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების (სოდ-ი) ყოფილი თანამშრომლები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






