ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, იჯდა თუ არა ავტომობილის უკანა სავარძელზე სხვა პირი.
სპეციალისტებმა დღეს ექსპერიმენტით სავარაუდო სურათი აღადგინეს, თუ მკვლელობის შემთხვევაში, რა მიმართულებით და რა ვითარებაში მოხდებოდა გასროლა.
მკვლელობის ინსცენირების იდეა ეროსი კიწმარიშვილის ძმას წინა ექსპერიმენტის დროს გაუჩნდა. ზურა კიწმარიშვილი ვარაუდობს, რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე უცხო პირი იმყოფებოდა, რომელმაც მის ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სწორედ ამიტომ დღეს ექსპერიმენტში პისტოლეტიც გამოიყენეს.
საგამოძიებო შემოწმება შინაგან საქმეთა სამინიტროს და სამხარაულის სახელობის სამედიცინო სასამართლო ექსპერტებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტს საქმის მთავარი პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
კვლევის დასრულების შემდეგ მაია ნიკოლეიშვილმა კიწმარიშვილის ავტომობილში უცხო პირის არსებობა გამორიცხა. მისი აზრით, ექსპერიმენტში მონაწილე პირის მდებარეობა და სისხლის კვალი ერთმანეთს არ დაემთხვა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი. ზაზა ალთუნაშვილი ფიქრობს, რომ დღეს ჩატარებულ ექსპერიმენტზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
ეროსი კიწმარიშვილის საქმზე გამოძიება გრძელდება.
ერთ კვირაზე მეტია, კიწმარიშვილის ძმა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებს პროკურატურაში ეცნობა. ზურა კიწმარიშვილმა დღეს ამ მასალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი შესწავლის დასრულების შემდეგ გამოძიებას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
მასალის გამოყენების პირობები






