გერმანიის საავადმყოფოში ებოლით დაავადებული გაერო-ს თანამშრომელი დაიღუპა. ლაიფციგის საავადმყოფოს ექიმების თქმით, 56 წლის პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა.
კიდევ ერთ დაინფიცირებულს მკურნალობენ ფრანკფურტის საავადმყოფოში. ჰამბურგის კლინიკიდან კი, 5-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტი უკვე გაწერეს.
პარალელურად, ცნობილი ხდება იმ მედდის სახელი, რომელიც შეერთებულ შტატებში, დალასის საავადმყოფოში მკურნალობს - ის ნინა ფამია, მედდა, რომელიც ებოლით დაავადებულ ტომას დუნკანს მკურნალობდა. დუნკანი მოგვიანებით გარდაიცვალა. ამერიკელი ექსპერტების თქმით, მედდის დაინფიცირების მიზეზი უსაფრთხოების ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
ებოლის გაზრდილი შემთხვევების ფონზე, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრა ბრიტანეთმა. ჰიტროუს აეროპორტში იმ მგზავრებს შეამოწმებენ, რომლებიც ბრიტანეთში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჩადიან. შემოწმება დაიწყება ჰიტროუს პირველ ტერმინალში, შემდეგ გეტვიკის აეროპორტში. მგზავრები შემოწმდებიან სენტ პანკრასის რკინიგზის სადგურშიც.
მასალის გამოყენების პირობები






