_გაძლიერდა თუ მოიკლო მოსახლეობაში ნატოში ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერამ?
_მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც უჭერს მხარს ამ იდეას, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლო დროს მეტად გააქტიურებულია ანტიდასავლური ძალები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნატო კარგავს პოპულარობას. ეს ანტიდასავლური ძალები მიზანმიმართულად მუშაობენ. ისინი ხდებიან სულ უფრო და უფრო აგრესიულები. ისინი ცდილობენ თანდათანობით შეცვალონ მოსახლეობის განწყობა და დღის წესრიგში დააყენონ რუსეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში დაბრუნების საკითხი. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ გაბედავდნენ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების დაცვას თოქ-შოუებში და მისი სახელით მიტინგების გამართვას. ახლა ეს ხდება და მომავალში, ალბათ, უარესებსაც უნდა ველოდოთ. თუ ასე გაგრძელდა, ოდესღაც ალბათ დაიწყება გამოსვლები რუსეთთან უპირობოდ შერიგების მოთხოვნით.
_ვინ არის ამაში დამნაშავე?
_მთელი პოლიტიკური სპექტრი. ყველა ძირითადად გადასულია შიდა პოლიტიკურ კონკლაობაზე. მთავრობა ამაყობს იმით, რომ გახსნა რუსული ბაზარი. ეს ალბათ ბევრისთვის მართლა კარგია, ბევრმა ოჯახმა იხეირა ალბათ ამით. კარგია ისიც, რომ აღარ არის რუსეთთან ურთიერთობაში ის დაძაბულობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ საამისოდ უკვე აშკარად ვიხდით რაღაც ფასს - საქართველოში სოკოებივით მრავლდებიან რუსული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ეგრეთ წოდებული იმიტომ, რომ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციები პუტინმა დიდი ხანია მოსპო. ყველა ასეთი რუსეთის ხელისუფლებას და ფსბ-ს ემსახურება და პირდაპირ კრემლის ინტერესებს ატარებს. რა პასუხს ვცემთ ამას? არანაირს. არადა, ეს ე.წ. არასამთავრობოები უკვე ხარჯავენ ფულს, აგროვებენ მომხრეებს. მოკლედ, ხდება პრორუსული ძალების მობილიზაცია, მაშინ როცა პროდასავლური ძალები დაქსაქსულია. ბევრი მათგანი უკვე დემორალიზებულიცაა იმის შემხედვარე, რაც ხდება.
_ახდენენ კი ეს პრორუსული ძალები გავლენას საზოგადოებრივ აზრზე?
_რასაკვირველია. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ რუსული ტელეარხები ორი წლის თავზე ისევ დაბრუნდა ჩვენს საინფორმაციო სივრცეში. ეს არხები რომ კრემლის პროპაგანდის მთავარი იარაღია, ამაზე ალბათ საუბარი და კამათი ნამდვილად არ ღირს. სამწუხაროდ, ამ პრობლემაზე არავინ ლაპარაკობს - არც მთავრობა და არც ოპოზიცია. ამ არხებს ემატება ზოგიერთი ქართული გამოცემა, რომელიც დასავლეთს შავ-ბნელ ძალად ხატავს და მოსახლეობას არწმუნებს, რომ მსოფლიოს მართავს მასონთა ლოჟა, რომლის მიზანიცაა მართლმადიდებლობის მოსპობა და მსგავსი ბოდვები. სამწუხაროდ, ასეთ გამოცემებს ბევრი მკითხველი გამოუჩნდა წინა მთავრობის დროს, ახლა კი ისინი კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს და ლამისაა, მთელ ქვეყანას არიგონ ჭკუა.
_რაში ხედავთ გამოსავალს?
_საჭიროა პრო-დასავლური ძალების მობილიზაცია. თუკი პოლიტიკოსებს ეს არ აინტერესებთ ან არ უნდათ, მაშინ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოიღვიძოს და დაირაზმოს ამ იდეის გარშემო. დრო მიდის, რუსეთი შეტევაზეა გადასული ყველა ფრონტზე და ის, რაც ჩვენთან ხდება, მხოლოდ დასაწყისია. რუსული საინფორმაციო და იდეოლოგიური შემოტევა ცოტა ხანში უფრო გაძლიერდება და ხვალ-ზეგ მის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო გაჭირდება, ვიდრე დღეს.
მასალის გამოყენების პირობები






