_ ბატონო რამაზ, თქვენი აზრით რამდენად გააზრებული იყო პრემიერ -მინისტრის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს და ამის გამო პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება იწყება?
_ ივანიშვილის განცხადებები კარგად უნდა გავიაზროთ. მე მგონია, პრეზიდენტი ცდილობს, შექმნას კრიზისი, ან ამ კრიზისის მუხტი მაინც, რათა მოამზადოს მისი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რაზეც არის საუბარი, თუნდაც პარლამენტის დათხოვნაზე. თუ ამ კრიზისში მას კიდევ დაეხმარება რაღაც მოვლენები,ისეთი, როგორიც გამგეობებში შევარდნა და მსგავსი რამ, რაც ხდება მოსახლეობაში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აწყობს. ახლა ისმის საკითხი, რამდენად არის დრო ამისათვის? მიმაჩნია, რომ ჯერ მართლაც ადრეა, თუ ვიგულისხმებთ აპრილში დაანონსებულ მოვლენებს.
_ თქვენ გჯერათ შეთქმულების თეორიის და დაანონსებული რევოლუციის?
_ამ აპრილს ხშირად ახსენებენ. აქამდე არ ვიყავი ამის დასაჯერებლად განწყობილი, მაგრამ თქვენი კითხვა, რომელიც არაერთხელ სხვამაც გააჟღერა, გარკვეულად ეხმიანება ამ შეთქმულების თეორიას. მე მაქვს კითხვა - რატომ დაიწყო სტილის შეცვლა პრეზიდენტმა? სხვა პასუხი, გარდა იმისა, რომ რაღაც პროცესი მზადდება, რთული სათქმელია. ახლა რეალური არის თუ არა ეს პროცესი, ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ის ძირითადი სურვილი, რაც ამოძრავებს ამ შემთხვევაში ,,ნაციონალურ მოძრაობას", ეს არ არის ხელისუფლებაში მოსვლა. მისთვის მთავარია, მოაბრუნოს ვექტორი ისე, რომ შერჩეს ის, რაც აღებული აქვს. ეს გაუთავებელი დაკავებების სერიალი, შესაძლოა, მალე პრეზიდენტამდე მივიდეს, მაგრამ ხელის დადება სააკაშვილზე საერთაშორისო პოლიტიკის გათვალისწინებით, რთული იქნება.
_ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები გასაგებია, მაგრამ რამდენად მზად არის საზოგადოება ისევ ხელახალი არჩევნებისთვის და იმ წინასაარჩევნო პროცესის გასამეორებლად, რაც უკვე გაიარა?
_პრეზიდენტს სამ თვეში უნდა ცვლილება, მას შეუძლია მთავრობის დათხოვნა და ახალი მთავრობა დაიწყებს ფუნქციონირებას. მხოლოდ ახალი პარლამენტის მოწვევის შემდეგ და არა ისე, რომ პრეზიდენტმა დანიშნოს ახალი მთავრობა, თუკი ეს ნორმა შედგა, ამას რა დაუდგება წინ? მაშინ აუცილებელი იქნება, ამ ტიპის ცვლილებების პირობებში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თუმცა, ,,ნაციონალები" 40% ნამდვილად ვერ აიღებენ. პრემიერი აყენებს ისეთ პირობას, რაც უფრო წამგებიანი იქნება ,,ნაციონალებისთვის".
_ კოჰაბიტაციის დეკლარირებული სურვილი უკვე მოჩვენებითობის ფარგლებსაც გასცდა, როგორ ფიქრობთ, ამჯერად პრეზიდენტის რადიკალიზმი რამდენად შესაბამისობაშია იმ რეალობასთან, რომელშიც ვართ, თუ ხშირად პოლიტიკოსები ცდებიან რეალობას?
_მოჩვენებითი კოჰაბიტაცია საერთოდ არ არსებობს. აქ საუბარია კრიმინალისა და მისი მდევარის თანაარსებობაზე. შეიძლება სამართალდამცავი და კრიმინალი თანაარსებობოდნენ? თუ ჩავთვლით, რომ ეს მისაღები ვარიანტია, ასეთ შემთხვევაში ამ სიტუაციას მაფია დაერქმევა.
_ ეს არის შიდაპოლიტიკური პრობლემა, მაგრამ არც საგარეო პლატფორმაა მთლად დამაჯერებელი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამ რეჟიმში ქართული საზოგადოების მონაწილეობა ისე, რომ ალაგებდეს რუსეთთან ურთიერთობას, თან ისწრაფოდეს ნატოსკენ?
_ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, მწვავე საუბრით არ დაიწყოს მოლაპარაკებები, ახლა მთავარია, რომ დაიწყო დილოგი რუსეთთან და მერე ის მოიტანს მწვავე თემების გადაწყვეტის გზებს. პრემიერის განცხადებებში საუბარი არ არის იმაზე დამაჯერებელია თუ არა ის, აქ საუბარია პრაგმატიზმზე, ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს რუსეთთან დიალოგის, მიუხედავად უთანხმოების პუნქტებისა, გაბუტვა ჩვენთვის გამოსავალი არ იქნება. ჩვენ გარანტია არაფრის არ გვაქვს, წინა ხელისუფლება კი ამის მაგალითადაც არ გამოდგება, რადგან მათ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რომელიც რთულ მდგომარეობას უქმნიდა რუსეთთან ურთიერთობას და ეს ნაბიჯი ნატო არ არის. ორი თუ სამი თვის თავზე ასეთი რთული პრობლემის მოგვარების კონტურების მოხაზვა ძალიან ძნელია, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ის, რომ ჩვენი მხრიდან პრემიერის წარმომადგენლის და რუსეთის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არიან ჩართულნი ამ საქმეში, სავარაუდოს ხდის, რომ ეს ურთიერთობები სერიოზული პროცესი იქნება.
_ ელოდებით თუ არა პრეზიდენტის ინიცირებული გადაწყვეტილების შემდეგ ურთიერთობების ექსკალაციას ორ გუნდს შორის?
_ სავარაუდოდ მოხდება ურთიერთობების დაძაბვა და ეს უნდა მოხდეს კიდეც, რადგან საუბარია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არა მარტო წინა იყვნენ პოლიტიკურად, არამედ ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ბევრი ფული აქვთ ჯიბეში ჩადებული, ბევრი ადამიანის სიცოცხლე აქვთ შეწირული და ბევრი ადამიანის ქონება მისაკუთრებული. თუკი საზოგადოების პრიორიტეტი სიმშვიდეა, მაშინ შესაძლებელია ნებისმიერ წუთს იგრძნო თავი მშვიდად და ეს ვერ იქნება საზოგადოებისთვის გამოსავალი. თუ საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი არის სიმშვიდე, მაშინ მას შეუძლია, ჭუჭყშიც იჯდეს და თავი მშვიდად იგრძნოს. ეს კი დიდი ვერაფერი ხეირია.
ჟანა ასანიძე
,,ნიუპოსტი''
მასალის გამოყენების პირობები






