"პარასკევი, ვაკე.
შეხვედრიდან გამოვედი და მანქანაში ჩაჯდომის დროს, ხანში შესული ქალბატონი მოვიდა ჩემთან და ჩვენს შორის შედგა შემდეგი დიალოგი:
ქალბატონი: გამარჯობა
მე: გამარჯობა
ქალბატონი: ეს რა ქენით თქვენ ?!
მე: რა ვქენით ჩვენ ? (ამ რიტორიკულ შეკითხვაზე ვიგრუზები, რადგან თქვა “ქენით”, ესეიგი რაღაცა ჯგუფურ დანაშაულს დამაბრალებს ახლა, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში.

ქალბატონი: (გაბრაზებული ტონით) რეცეპტები რატომ შემოიღეთ?
მე: მე რა შუაში ვარ?
ქალბატონი: შენ ხომ მინისტრი ხარ?
მე: არა ქალბატონო, არ ვარ
ქალბატონი: დაიცა, “სტაიანშიკმა” მითხრა, რომ შაშკინი ხარ
მე: ვარ
ქალბატონი: მერე შაშკინი მინისტრია, რას მაღადავებ?
მე: არა ქალბატონო, შაშკინი კი ვარ, მაგრამ მინისტრი არ ვარ და რეცეპტებთან შეხება არასდროს მქონია.
ამის მერე კიდევ სამჯერ, შეკითხვაზე - ვარ თუ არა შაშკინი, ვადასტურებ ჩემ ვინაობას და სამჯერ ვუარყოფ, რომ მინისტრი ვარ. ქალბატონს ეტყობა, რომ უფრო და უფრო ბრაზდება და იბნევა.
მე: ქალბატონო, მე მიშას დროს ვიყავი მინისტრი და მიშა უკვე აღარ არის პრეზიდენტი.
ქალბატონი: და რა, მინისტრები არ დარჩნენ?
მე: არა
ქალბატონი: (გაბრაზებული ტონით) რას გვიშვება ეს მთავრობა!
ტრიალდება და მიდის".
დიმიტრი შაშკინი
5 ოქტომბერი, 2014 წ.
მასალის გამოყენების პირობები






