5 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბოროტებასა და სიკეთეზე ისაუბრა.
"ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება. ბოროტება ბოროტი ძალებისგანაა, სიკეთე და სიყვარული კი ღმერთისგანაა. სიკეთის კეთება უნდა დავიწყოთ და ჩვენზე ბედნიერი და ძლიერი არავინ იქნება. სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა და ეს სიკეთე გადაარჩენს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქის თქმით„ როცა ბოროტებას ბოროტებით ვპასუხობთ, ბოროტება ორმაგდება. ბრძენი ადამიანი ბოროტებას სიკეთით პასუხობს, მას გზას უკეტავს და ბოროტება ჩერდება.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ ადამიანმა მოახდინა ღირებულებების გადაფასება და სიკეთეს აფასებს იმად, რაც არ არის სიკეთე, ხშირად ბოროტება სიკეთედ მიაჩნია.
"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. რთული არის იმით, რომ ადამიანმა, კაცობრიობამ გააკეთა გადაფასება. ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია ის, რაც არ არის სიკეთე და ბოროტებას სიკეთედ ვთვლით. ყოველი ადამიანი სიმართლეს ეძებს, მაგრამ სად არის ეს სიმართლე არავინ იცის. ეძებენ სიმართლეს და არ ფიქრობენ, რომ ეს სიმართლე თავის თავში იპოვონ. რა არის სიმართლე?! ეს არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება ერთია. არ შეიძლება ნახევარი ჭეშმარიტი იყოს და ნახევარი არ იყოს," - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორესთან ერთად წირვა უკრაინის ეკლესიის მღვდელმთავარმა, მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა აღავლინა. პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი აღაპიტი წმინდა სამების ხატით დააჯილდოვა, ხოლო მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა ილია მეორეს ჯვარი გადასცა, რომელიც უკრაინის გამარჯვების სიმბოლოა.
მასალის გამოყენების პირობები