"ბავშვები ყვიროდნენ, ნაჯახი დაარტყა, დედას გვიკლავს და გვიშველეთო. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად მივედით, მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. დავინახეთ კვამლი. სახლი იწვოდა", _ ასე იხსენებენ გურიაში მომხდარ მკვლელობას მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში ქმარმა ცოლი ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს, სადაც გვამი იყო, ცეცხლი წაუკიდა. „შსს-ს გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თემურ რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ ნატალია რ-ს თავის არეში ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა თემურ რ. სოფელ დვაბზუში, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
,,გურია ნიუსის" ფოტო:



მასალის გამოყენების პირობები






