პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ -ს მსახიობი მაკა ძაგანია პირად ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებზე და საკუთარი გმირის თინას ცხოვრებაში დაგეგმილ ცვლილებებზე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.
"– მაკა, თქვენი ფეხმძიმობისა და გათხოვების ამბავი სრული მოულოდნელობა იყო ყველასთვის. რატომ მალავდით ამ სასიხარულო მოვლენას?
– გათხოვება იმიტომ დავმალე, რომ ჟურნალისტების თავდასხმა არ მინდოდა. ჩვენი ამბავი გარშემომყოფებმაც კი არ იცოდნენ. მე და გიგა გასული წლის სექტემბრიდან ერთად ვართ და ეს პერიოდი ვცდილობდით, არავის არაფერი გაეგო. ჩვენს ნაჭუჭში ვიყავით მოქცეული და თავს კარგად ვგრძნობდით. ალბათ ჩემი გათხოვებით ხელი არავის შეეშლებოდა და ამის დამალვითაც არავის არაფერი მოუვიდოდა, მაგრამ მაინც ასე ვამჯობინეთ.
რაც შეეხება ფეხმძიმობის დამალვას, 3 თვემდე არ ვიცოდი, შევინარჩუნდებდი თუ არა ნაყოფს. კარგად არ ვიყავი და ამის გამო არ ვამხელდი.
– "ჩემი ცოლის დაქალები" როგორ გაგრძელდება, თქვენს გმირთან ერთად თუ მის გარეშე? პრესაში დაიწერა, რომ სერიალში თინა აღარ იქნება.
– ამ თემასთან დაკავშირებით სერიალის შემქმნელებთან არ მილაპარაკია. ჯერ ჩვენი შეხვედრა არ შემდგარა. ასე რომ, სერიალიდან არ წამოვსულვარ, არც მათ გამოვუშვივარ, არავის უთქვამს, აღარ ითამაშებო. ამიტომაც ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, პასუხი არ მაქვს.
– იქნებ თქვენმა ამჟამინდელმა მდგომარეობამ გააჩინა კითხვები. ორსულობა ხომ არ შეგიშლით ხელს თამაშში?
– ჩვეულებრივად შემიძლია მუშაობა. ამ ზაფხულს თეატრიდან გასტროლზეც ვიყავი ბათუმში. ისე არ ვარ, რომ ვერ ვიმოძრაო და საქმე ვერ გავაკეთო. ეს ყველაფერი სერიალის შემქმნელებზეა დამოკიდებული, როგორ განავითარებენ თინას პერსონაჟს.
– ასე რომ იყოს, გული ძალიან დაგწყდებათ? თქვენ ხომ საინტერესო გმირი შექმენით, რომელიც პოპულარული გახდა.
– ეს ისეთი თემაა, რომელზეც ვრცლად უნდა ილაპარაკო. მგონია, რომ ყველაფერი თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რა აწყობს სერიალს. ვერავის მოსთხოვ, რადგან ამდენი ხანი ვიყავი სერიალში, კიდევ უნდა ვითამაშოო. როგორც პროექტისთვის იქნება საჭირო, სერიალის სცენარსაც ისე დაწერენ.
მიუხედავად იმისა, ფეხმძიმედ ვიქნებოდი თუ არა, მეექვსე სეზონში შეიძლებოდა ჩემი გმირი მაინც აღარ ყოფილიყო საჭირო. შეიძლება თინამ საკუთარი თავი ამოწურა და სერიალისთვის ახალი გმირი უფრო საინტერესო იყოს...
მასალის გამოყენების პირობები






