იოსებიძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტ ზაზა დავითაიასა და „თავისუფალი ზონის“ წევრებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით ზაზა დავითაია ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო თავისუფალი ზონის წევრი დავით გოგოხია სამართალდამცავებმა დააკავეს.
„ასავალ-დასავალის“ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას განცხადებით, ზაზა დავითაიას დახვდა „თავისუფალი ზონის“ ათამდე აქტივისტი და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფოტო reportiori.ge
„თავისუფალ ზონაში“ კი აცხადებენ, რომ დავით გოგოხიას , რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია, პირველად ფიზიკური შეურაცხყოფა დავითაიამ მიაყენა.
„ეს არის იმ ომის გაგრძელება, რომელიც შსს და კერძოდ ჭიკაიძემ გამოუცხადა "თავისუფალ ზონას", ზაზა დავითაიას მეშვეობით მოუწყეს ჩვენს ბიჭებს პროვოკაცია“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზი.
სამართალდამცავებმა „თავისუფალი ზონის“ წევრი დავით გოგოხია დააკავეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშ დაუდასტურეს.
როგორ უწყებაში განამარტავენ, გოგოხიას დაკავება საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, ძალადობას ან მუქარას გულისხმობს.
ხოლო ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






