პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ექსპერტიზა.
როგორც ცნობილია, ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპერტების ვინაობა არ სახელდება.
„სასამართლო-სამედიცინო დარგში საერთაშორისო დონის ექსპერტებთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, თუ როდის ჩატარდება ექსჰუმაცია, სამწუხაროდ, ამ ვადას ვერ დავასახელებ. ჩვენთვის ოჯახის პოზიცია ცალსახად ცნობილია. მათი მხრიდან ადგილი აქვს გამოძიებისთვის ხელის შეწყობას“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.
ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ოჯახის წევრები ექსჰუმაციის ჩატარების მომხრეები არიან.
„თუ საჭირო გახდება ყველა საგამოძიებო მოქმედებას მხარს დაუჭერთ“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
პარალელურად, ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, გამოძიება მათ სამსახურეობრივ მოვალეობის გადამეტებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






