4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს, დაზიანებები ბლაგვი საგნის გამოყენებით, არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული. ამის შესახებ დაზარალებული ბავშვის მამამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დამოუკიდებელი ექსპერტის დაკვნაშია ნათქვამი.
"მცირეწლოვან გაბრიელ ნიშნიანიძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთი და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე", - ნათქვამია ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის დასკვნაში.
ბავშვის მამის განცხადებით, აღნიშნული დაზიანებები სათამაშო ფონეიდოსკოპით მიყენებული ვერ იქნება.
4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები 26 სექტემბერს აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება. ბავშვის მშობლები მიიჩნევენ, რომ 4 წლის გაბრიელს დაზიანებები ბაღის მასწავლებელმა მიაყენა. „სადუნის“ დირექცია აღნიშნულს უარყოფს. მათი ინფორმაციით, ბავშვმა დაზიანება თანატოლთან ჩხუბის დროს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






