შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ ბრძოლა ერთი ორად ეფექტური გახდა. ჭიკაიძის უწყებაში ამას ახალი სასაზღვრო პუნქტების ამოქმედებით ხსნიან. უწყებამ ამ დრომდე არსებული ხის კონსტრუქციები, თანამედროვე სტანდარტების შენობებით შეცვალა და როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთი სასაზღვრო პუნქტის მშენებლობა იგეგმება.
მისი თქმით, ამით შსს გაცილებით ეფექტურ კონტროლს განახორციელებს სასაზღვრო პუნქტებზე.
„მესაზღვრეებს აქვთ ყველანაირი პირობა, რომ ეფექტურად იმუშაონ. სამწუხაროდ დღემდე ასეთი პირობები არ ჰქონდათ... სამწუხაროდ, არ იყო ნება, რომ მესაზღვრეებისთვის შეექმნათ სათანადო სამუშაო პირობები. პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადაწყვეტილებით, შევიმუშავეთ სამწლიანი გეგმა, რომელიც სწორედ სასაზღვრო სექტორების განვითარებას უკავშირდება. უკვე ამ წალიწადში, საერთო ჯამში, გახსნილი იქნება 11 ახალი სექტორი და დაიწყება 5 სექტორის მშენებლობა. შეიცვლება მესაზღვრეთა კვების რაციონი, ხდება სისტემატური კონტროლი იმ საკვების, რომელიც მესაზღვრეებამდე მიდის.... რაც შეეხება ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით, ყველაფერი არის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში, რადიოაქტიური საშუალებები იქნება ეს თუ სხვა“, - აცხადებს გამეზარდაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






