ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ვლადიმერ პუტინისგან წერილი მიიღო, სადაც პუტინი მოითხოვს შეიცვალოს უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის პრესსპიკერმა პია არენკილდ ჰანსენმა ბრიუსელში გამართული ბრიფინგის დროს გაავრცელა.
„მე ვადასტურებ, რომ ბაროზუმ პუტინისგან წერილი მიიღო, ახლა მსჯელობს იმაზე თუ რა პასუხი შეიძლება გასცეს მსგავს მიმართვას“, - განაცხადა სპიკერმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ წერილში საუბარია უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის შეცვლის მოთხოვნაზე.
ჰანსენის მტკიცებით, რუსეთი ბრიუსელისგან მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ მიაღწევს და მოსკოვს არ აქვს უფლება, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს მსგავს დოკუმენტზე.
„ასოცირება - ეს ორმხრივი შეთანხმებაა. სწორედ ამიტომ, მასში რაიმე შესწორების შესატანად, ორმხრივი მოლაპარაკებაა საჭირო. ერთმა მხარემ უნდა წარადგინოს მოთხოვნა, მეორემ კი დააკმაყოფილოს. უკრაინა რა თქმა უნდა საკუთარ არჩევანში თავისუფალია“, - დასძინა სპიკერმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






