პანკისის მცხოვრები, მექა ხანგოშვილი, ამბობს, რომ პანკისის ხეობიდან საომრად 100-მდე ახალგაზრდაა წასული. მისივე თქმით, მათგან რამდენიმე დაიღუპა და გული სწყდება, რომ პანკისელები სხვა ქვეყნებში იბრძვიან.
„ისედაც თითზე ჩამოსათვლელები ვართ და არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდობა. სირიაში მებრძოლთაგან რამდენიმე ახალგაზრდა დაბრუნდა, მე მათ ვინაობას არ დავასახელებ, ისინი იფიცებიან, რომ იქ აღარ დაბრუნდებიან... ამბობენ, რომ იმედები გაუცრუვდათ. როდესაც წავედით ჩვენი მოტივაცია ის იყო, სირიაში მცხოვრები ჩეჩენი მოსახლეობა, უმწეო ქალები და ბავშვები დაგვეცვა, ჩასვლისას კი ეს სურათი არ დაგვხვდა, იქ განუკითხაობააო. გარდაცვლილებიც გვყავს, რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ მაგალითად სირიაში დაღუპულები არიან ძმები მუთოშვილები, რუსლან მარგოშვილი, რუსლან მაჩალიკაშვილი, რუსლან გელაევის შვილი - რუსტამ გელაევი, კიდევ არის სხვა“,- ამბობს ხანგოშვილი.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელს მამუკა არეშიძეს საფრთხის შემცველად არ მიჩნია ის ფაქტი, რომ ილამისტების „ისლამური ხალიფატის“ იდეოლოგიით იმედგაცრუებული ადამიანები პანკისის ხეობაში ბრუნდებიან.
მისი განცხადებით, სახიფათონი არ არიან, თუკი რაიმე სპეციალური დავალებით არ არიან გამოგზავნილები.
„როდესაც ამ ტიპის მეომრები უკან ბრუნდებიან და თუკი ისინი კონკრეტული დავალებით ჩამოდიან, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო სიგნალია, რასაც სახელმწიფომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, ვინც სამხედრო ოპერაციებში აქტიურად არიან ჩართულნი, თუკი არ დაინვალიდდნენ, თუკი იმედი არ გაუცრუვდათ, დარწმუნებული იყავით, რომ ისინი საქართველოში დამბრუნდებლები არ არიან. თითო-ოროლა ადამიანის ჩამოსვლა ამინდს არ ქმნის, თანაც ისინი ადგილობრივი უშიშროების ძალების კონტროლის ქვეშ იქნებიან. თუმცა, პანკისიდან 70 ადამიანია საომრად წასული და მათგან ცოცხალი რამდენი დაბრუნდა? ბევრად უფრო სახიფათოა აზერბაიჯანში თუკი მოხდა მებრძოლების დაბრუნება, რადგან მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია“,- განაცხადა არეშიძემ.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






