საქართველო დასავლური მიზნებისა და აღმოსავლური საფრთხეების წინაშე
პოზიცია - 17:29, 25 Sep, 2014     2271

საქართველოს ტერიტორიაზე, სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის შექმნის საკითხი, რეზონანსულ თემად იქცა. „Foreign Policy“-ის სტატიამ, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას დაპირებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტად მყოფ აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს მისცა, გამოხმაურება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე ჰპოვა.

რედაქციის ინფორმაციით, ალასანიას შეთავაზება საქართველოს ტერიტორიაზე, სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, აშშ-ში, საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ დაადასტურა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გეგეშიძემ ეს ყოველივე უარყო და ფაქტი ჟურნალისტის შეცდომას მიაწერა.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განმარტა, რომ სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკები საქართველოს დიდ სამიზნედ აქცევს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა კი ამავე რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში.

მსგავს სიტუაციაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განცხადება გააკეთა. სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს. საქართველოს პრემიერმინისტრის, სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, საუბარია ლარსის მიმართულებით გვირაბის მშენებლობაზე. მისი განცხადებით, ეს არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, არამედ სომხეთ-რუსეთისა და ასევე თურქეთ-რუსეთის ეკონომიკური საზღვარია.

„ნიუპოსტი“ აღნიშნულ თემებზე ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრი მოისმინა. რედაქცია ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან ბერძენიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის მშენებლობაში ვერავითარ აზრს ვერ ხედავს და მისი განმარტებით, მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა მართლაც იქცეს ერთგვარ სამიზნედ:

„მე ჯერჯერობით ვერ გავიგე რა პროექტია. ჯერ უნდა გავერკვეთ, თუ ეს ქართულ-ამერიკული ბაზა იქნება, კიდევ შეიძლება ფიქრი, მაგრამ სხვა მხრივ ეს არის უცნაური იდეა, რას მოგვიტანს ეს ჩვენ ნამდვილად ვერ გამიგია. რამდენად გვაქცევს ეს ტერორისტების სამიზნედ?! აქაც არის ლოგიკა. აქამდე ჩვენ სამიზნე არ ვიყავით. დიდ დაინტერესებას არ იჩენდნენ, როგორც ჩანს ნაკლები საფრთხე მოდიოდა ჩვენგან და ასევე, ჩვენი სამართალდამცავები კარგად მუშაობდნენ. ახლა კი გაცილებით უკეთ მოუწევთ მუშაობა, ვიდრე ადრე, თუმცა, ესეც საკმაოდ საეჭვოა, შესაძლოა სამიზნედ მართლაც ვიქცეთ, რა მოაქვს ამას ჩვენთვის გაუგებარია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პროექტი დამტკიცდა, მან შესაძლოა საქართველოს დასავლეთის მეტი მხარდაჭერა მოუტანოს, მაგრამ უფრო მეტზე საუბარი არ იქნება:

„ამ პროექტმა შესაძლოა მეტი მხარდაჭერა მოუტანოს საქართველოს დასავლეთისგან, მაგრამ ეს თუ იქნება გაუგებარი ბაზა, სადაც ჩვენ ვრწვრთვნით სირიელ მეამბოხეებს, ეს არაფრის მომტანი არ არის. თუ ეს რაიმე სერიოზული იქნება და ამერიკელი სამხედროები ხშირად ივლიან აქ, შეიძლება ჩვენთვის კარგი იყოს, მაგრამ სხვა მხრივ დადებითს ვერაფერს ვხედავ“, - აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება გრიგორი კარასინის განცხადებას, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ექსპერტის განმარტებით ეს კარგი აზრი არ არის, რადგან შესაძლოა ეს ყოველივე სამხედრო დატვირთვას ატარებდეს:

„ამ სიტუაციაში ხელის შეწყობა იმისათვის, რომ რუსეთს დამატებითი გზები ჰქონდეს და ჯარები შემოიყვანოს, კარგი აზრი ნამდვილად არ არის. ზურაბ აბაშიძეს აქვს თავისი მოლაპარაკებები კარასინთან და კონსტრუქციულ ნაბიჯებს აფასებს კარგად, მაგრამ თუ ამ გზებს არ ექნება სამხედრო მნიშვნელობა, მაშინ შეიძლება, საპირისპირო შემთხვევაში კი სახიფათოა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის არსებობის საკითხი გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო რთული თემაა. როგორც შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე მრავალი კითხვა არსებობს:

„ეს არის საკმაოდ რთული თემა, რთული არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. პირველი არის ის, რომ ჩვენ თუ ვართ დემოკრატიული გლობალური სამყაროს წევრი ქვეყანა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ეს არის უდაო. ჩვენ გვსურს, რომ ევროპა და ამერიკა ჩვენს გვერდით იყოს, ზუსტად ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპისა და ამერიკის გვერდით.

მეორე საკითხი არის ის, თუ როგორი როლი უნდა ვითამაშოთ?! მე პირადად მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა. იბადება ბევრი შეკითხვა, როდესაც მასმედიის საშუალებით ვიგებთ სავარაუდო ბაზის გახსნის ან არგახსნის შესახებ. პირველი შეკითხვა რაც იბადება, ეს არის სხვადასხვა უწყებების რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს, ელჩი ჯერ ადასტურებს, შემდეგ უარყოფს, პრემიერმინისტრის აპარატი უარყოფს, ინფორმაციის გავრცელებაზე რეაქცია უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი თემა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ ერთი პოზიციის ჩამოყალიბებას. თუ ასეთი გზით მივდივართ, სჯობს არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ბევრად უარესი გამოვა.

რაც შეეხება სამიზნედ ქცევას, მგონი ეს ეტაპი, სამიზნე, ჯიჰადი გავიარეთ, როდესაც იყო ცნობილი ყალბი კადრები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა, ასეთი შეშფოთებების გამოთქმა, რომ შესაძლოა სამიზნე გავხდეთ, ეს არის იმავე სერიიდან, რადგან ავღანეთში ვართ, ჩვენ სამიზნედ ვიქცევით და ასე შემდეგ. სხვა რაღაცას გავუსვამ ხაზს, თუ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ თუ გადავხედავთ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციების რეაქციას, იბადება ასეთი აზრი, რომ ჯობს ეს არ გაკეთდეს“, - განმარტა შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კარასინის განცხადებასაც გამოეხმაურა. შაშკინი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ არ შეიძლება მსგავსი საკითხი ეკონომიკური თვალსაზრისით განიხილებოდეს, რადგან მას წმინდა სამხედრო დატვირთვა აქვს:

„არსებობს სავაჭრო თემა რუსეთთან, რაც აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ასევე არსებობს სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით შეშფოთებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რუსეთთან მიმართებით. საქართველოს ტერიტორია რუსეთს ჰაერივით სჭირდება გიუმრის ბაზის გასაძლიერებად. ამ ეტაპზე ამ ბაზის სერვისი ხდება ჰაერით, რაც არის ძალიან ძვირი და არაეფექტური. რუსეთს წყალივით სჭირდება დერეფანი რომ შევიდეს ბაზაზე ან რკინიგზით ან საავტომობილო გზით. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მხრიდან, დამატებითი არტერიების შექმნისა საქართველოსა და რუსეთს შროის, უნდა აღვიქვათ გეოპოლიტიკური და სამხედრო თავსაზრისით. მე წინააღმდეგი ვარ ასეთი გზის მშენებლობისა და მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა: არ არის საკმარისი ის არტერია, რომელიც გვაერთიანებს რუსეთთან?

თუ რუსეთს ეს თემა აწუხებს, რომ არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს კიდევ ორი არტერია, ერთი არის ცხინვალის გავლით, მეორე არის სოხუმის გავლით. რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც არის აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, როგორც ხელშეკრულებების ფარგლებში, ასევე „WTO“-ს ფარგლებში. საერთოდ მოკვდა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ფსოუზე საზღვარი, რამდენიმე წლის წინ იყო შეთანხმება მიღწეული და რუსეთმა ამაზე თანხმობა მოგვცა მხოლოდ იმის გამო, რომ „WTO“-ში შესვლა სურდა და ჩვენი მესაზღვრეები უნდა ყოფილიყვნენ ფსოუს საზღვარზე. ამის ნაცვლად, გვთავაზობენ კიდევ ახალი გზის მშენებლობას?

თურქეთს არანაირად არ აინტერესებს ამ გზის მშენებლობა ეკონომიკურად, იმიტომ, რომ მას აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე. ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა და ტვირთის გატანა, რომელიც რუსეთთან აქვს გასატანი, ზღვის მეშვეობით ხდება. თურქეთს ნამდვილად არ სჭირდება მილიარდების ჩადება იმაში, რომ რაღაც სატრანსპორტო არტერია შეიქმნას. ზღვა უფრო იაფია, ვიდრე საავტომობილო გზა. ეს სჭირდება რუსეთს და სომხეთს. სომხეთსაც სჭირდება იმისათვის, რომ ბლოკადაშია და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, რუსეთს კი ეს სჭირდება იმისათვის, რომ გიუმრის ბაზის კვება მოხდეს უპრობლემოდ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით კი საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანას ზიანს მოუტანს. სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ბაზის მშენებლობის საკითხი კი გადაწყვეტილი არ არის და შესაბამისად, ამ იდეის შეფასება რთულია:

„აღსანიშნავია, რომ არავითარი პროექტი არ არსებობს, ჯერჯერობით ლაპარაკი მიმდინარეობს. ამიტომ, ამის განხილვა არ შეიძლება, რადგან საქართველოს არავითარი გადაწყვეტილება, რაც ზიანს მოუტანს, არ მიუღია. სავარუდოა, რომ არაფერი ისეთი არ გაკეთდება, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანას. საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს ტერორიზმთან ბრძოლაში, ჩვენ ადეკვატურად მივიღებთ მონაწილეობას ყველაფერში, სადაც საჭიროა. ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ საფრთხეში არ ჩავაგდებთ არც ქვეყანას, არც რეგიონს, მაგრამ ამავე დროს გულხელდაკრეფილი არ ვიქნებით და არ ვუყურებთ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ მივიღებთ გარკვეულ მონაწილეობას“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის განმარტებით არსებულ ვითარებაში არ შეიძლება სერიოზულად აღიქმებოდეს კარასინის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თუმცა, თუ რაიმე პროექტი საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, ხელისუფლება მას აუცილებლად განიხილავს და ამ ფონზე მიიღებს გადაწყვეტილებას:

„თუ რაიმე სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, ხელისუფლება გააანალიზებს და გადაწყვეტს, მაგრამ რუსეთთან დღეს გართულებულ ვითარებაში, რომელიც მას აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან, ასეთი განცხადებების ფასი, ძალიან დაბალია. ხვალ, როდესაც ვითარება შეიცველბა, კარასინიც შეიცვლება, მისგან ბევრი გვახსოვს დაპირებაც და არდაპირებაც, ამიტომ არ მგონია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ასეთ დროს გაკეთებულ განცხადებებს“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42