რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, დაესწროს იტალიაში გამართულ ევროპა-აზიის ASEM-ის სამიტს, რამდენიმე ევროპელი ლიდერის აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica იუწყება, გამოცემის თანახმად, შეთანხმება იყო, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, სამიტში მონაწილეობას რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიღებდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ სურვილით- მიიღოს მონაწილეობა 16-17 ოქტომბერს მილანში გამართულ სამიტში, პუტინი ევროკავშირის პროვოცირებას ცდილობს, რომლის ლიდერებიც უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო მის იზოლირებას ახორციელებენ.
სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ბრიუსელის ოფისმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს კონფიდენციალური შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც სთხოვდა პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
La Repubblica არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ამ სამიტს ბოიკოტი გამოუცხადონ, თუ მას პუტინი დაესწრება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, მკაცრად გააკრიტიკეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი, იმის გამო, რომ მან ივლისში პუტინს სამიტზე დასასწრები მოსაწვევი გაუგზავნა, ეს ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმის რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პოსტზე მოგერინის კანდიდატურა დაბლოკეს. სიტუაციის გამოსწორება თავად რუსეთის მხარემ სცადა და განაცხადა, რომ სამიტზე პუტინის ნაცვლად მედვედევი გაემგზავრებოდა, სამიტამდე ერთი თვით ადრე კი პოზიცია კვლავ შეცვალეს.
აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობას 55 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






