34 წლის რეჟისორი და დიჯეი დაჩი დარჩია, სამსახურიდან გამოსული, ავლაბარში, სომხურ ეკლესიასთან, ერევნის სკვერში მოკლეს. შემთხვევა 29 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. მკვლელმა დანა ზურგში ორჯერ ჩაარტყა, აქედან ერთი დარტყმა არტერიაში სასიკვდილო აღმოჩნდა. დაჩი დარჩია კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ის "სქაი ბარში" დიჯეიდ 7 წელი მუშაობდა. პარალელურად კლიპებს იღებდა, თბილისის მუსიკალურ წრეებში ცნობილი და საყვარელი სახე იყო.
მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი 20 წლის მამაკაცი, პოლიციამ ადგილზევე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაჭრილს მისდევდა და სამართალდამცავებმა სწორედ მაშინ აიყვანეს.
თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ეს ამ დრომდე უცნობია. გარდაცვლილის მეგობრებსა და ახლობლებს ვერსიებზე ლაპარაკი უჭირთ, რადგან, მათი თქმით, დაჩი უკონფლიქტო, ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო.
სოციალურ ქსელებში ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციები ვრცელდება. თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი ბარში დაიწყო.
"დაჩი უკრავდა კლუბში. ეკა ბესელიას შვილი და მისი ძმაკაცი, რომელიც ბესელიამ ციხიდან გამოუშვა, მისულან მასთან, მუსიკის შეკვეთა უნდოდათ. დაჩის უთქვამს, ეს რესტორანი ხომ არაა, რაც იქნება, იქნებაო. ამას მოჰყოლია დაძაბულობა. დაცვას გაუყვანია ეს მკვლელი გარეთ. გამოდის დაჩი, ხვდება ეს ტიპი და უყრის დანას... აი, უკვე მერამდენედ ხდება, რომ ჰომოფობიით მკვლელობის გამართლებას ცდილობენ საქართველოში? და აი, უკვე მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?!", – წერს ვაჭარაძე.
ამ წერილს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა. ის კატეგორიულად უარყოფს მისი ვაჟის, რატი მილორავას მონაწილეობას ამ ინციდენტში. ბესელიას თქმით, იმ ღამეს, როცა ეს შემზარავი ტრაგედია მოხდა, მისი შვილი მოძღვართან ერთად აჭარაში იმყოფებოდა, ამიტომ რატი მილორავას რაიმე ფორმით ბართან ან ამ საქმესთან დაკავშირება ბოროტი და ვერაგი ტყუილია.
ინფორმაციას, თითქოს მკვლელი ბარში იმყოფებოდა და გარდაცვლილსა და მას შორის შელაპარაკება იქ დაიწყო, კატეგორიულად უარყოფს ბარის დირექტორი დათო კვირტია. მისი თქმით, ბარს მკაცრი კონტროლი აქვს, ვიდეოკამერებიც არის დამონტაჟებული და მკვლელი მათ ბარში არ ყოფილა. "სარკე" დათო კვირტიას პირადად დაუკავშირდა და იმ ღამის დეტალების გახსენება სთხოვა, როცა ტრაგედია დატრიალდა.
დათო კვირტია:
– ღამით, სამსახურის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 4–ის 10 წუთზე, დაჩი ბარიდან გავიდა. ის ტაქსს ყოველთვის იქვე აჩერებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ საღამოს სომხური ეკლესიის გვერდით სიგარეტი იყიდა. იქიდან წამოვიდა და სომხურ ეკლესიასთან სკვერი რომ არის, იქ მოხდა ყველაფერი. ვიღაც სამჯერ ნაციხარი დახვდა და დანა ჩაარტყა. დაჩი გამოექცა, ის გამოეკიდა. დაჩიმ გზა გადმოჭრა. "სქაის" წინ მიწისქვეშა გადასასვლელია, სადაც დაცვის პოლიციამ შემთხვევით ჩამოიარა და დამნაშავე იქვე დააკავეს. დაჩი მიწისქვეშა გადასასვლელთან იწვა. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, პოლიციაც მოვიდა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადავიყვანეთ, მაგრამ 5–10 წუთში გული გაუჩერდა, რადგან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარჩია და მკვლელი სწორედ ბარში შეკამათდნენ.
– აბსოლუტური ტყუილია, ეს პიროვნება ჩვენთან ბარში არ ყოფილა. დაკავების კადრებში კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანს ქოშები და შორტები აცვია. ჩვენ კი ბარში შორტებით არავის ვუშვებთ. ყველას ვჩხრეკთ, გოგოსაც და ბიჭსაც. ჩვენთან დანით ვერასოდეს ვერავინ შემოდის. ამას გარდა, კამერები გვაქვს დამონტაჟებული და ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს ადამიანი ჩვენს ბარში არ ყოფილა.
– მაშინ რა მოხდა, თქვენი ვერსია რა არის?
– ზუსტად თუ რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, ჩვენ არ ვიცით. ალბათ ამ გარეწარმა დაჩის რაღაც უთხრა და ეს შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარეთ რომ გავედი, დაჩი მიწისქვეშა გადასასვლელთან იწვა, ჩვეულებრივად კონტაქტური იყო, ლაპარაკობდა, შველას მე მთხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უბედურება დატრიალდა.
– ვერ მოასწრო, ეთქვა, რა მოხდა?
– ვერა. ამის კითხვის თავი არავის ჰქონდა, ყველაფერს წამები წყვეტდა. ამ გარეწარმა უნდა თქვას სიმართლე. მკვლელი 20 წლისაა და სამჯერ ყოფილა ნასამართლევი დაჭრაზე, ყაჩაღობებზე. როგორც გავიგე, იმ დღეს რაღაც ფსიქოტროპული წამლები ჰქონია გადაყლაპული. უთქვამს, ჰალუცინაციები მქონდაო.
– ანუ ამტკიცებთ, რომ დაჩი ამ ადამიანს არ იცნობდა და ყველაფერი ქუჩაში კამათის შედეგად მოხდა?
– მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მას დაჩი არ იცნობდა! ვიღაც გარეწარია და თან იმ უბნელი. როგორც გავიგე, ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე პოლიციას სწორედ იმ დანით დაუკავებია, რომლითაც დაჩი დაჭრა, მაგრამ კანონია ასეთი, ორასლარიანი ჯარიმა დაუწერეს და უკან გაატანეს. დაჩი მთელ თბილისს უყვარდა, ვინც კლუბებში დადის, მას ყველა იცნობს. ძალიან უკონფლიქტო ადამიანი იყო, ის არავის არ უნდა მოეკლა.
– რამდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?
– ორი ჭრილობა ჰქონდა ზურგის მიდამოში. საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, ცოცხალი იყო, მაგრამ ფერი აღარ ჰქონდა. რამდენიმე წუთში გვითხრეს, გული გაჩერდაო. შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს, გარდაიცვალაო. დანა არტერიაში ჰქონდა მოხვედრილი და სისხლისგან დაიცალა. ბალზამიც კი ვერ გაუკეთეს, რადგან არტერია გაგლეჯილი იყო. დაჩი 17 აგვისტოს 34 წლის გახდა.
– რამდენი ხანი იმუშავა მან თქვენს ბარში?
– 6–7 წელი. დაჩის გამო ახლა მთელი თბილისი ფეხზე დგას. ვითხოვთ, რომ იმ გარეწარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. გარეთ არასდროს არ უნდა გამოვიდეს, რადგან სხვასაც გააუბედურებს. ის არაადამიანია!
– დაჩის ოჯახის წევრები ვინ არიან?
– ცოლ–შვილი არ ჰყოლია, და და დედა ჰყავს. ის პირდაპირ გურიაში, ლანჩხუთში გადავასვენეთ, რადგან დედამისი იქ ცხოვრობს. მამაც იქაა დასაფლავებული.
დაჩის უამრავი გეგმა ჰქონდა. ის რეჟისორი იყო, თავისი პროექტები ჰქონდა განსახორციელებელი. წლების განმავლობაში ბევრგან უკრავდა – "ქალაქურშიც", კორპორატიულ საღამოებზეც. ყველგან მიჰყავდათ, რადგან ძალიან, ძალიან მაგარი დიჯეი იყო.
ამ ტრაგედიით ყველა შოკში ვართ. ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მკვლელმა შეიძლება ტყუილი თქვას. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაჩიმ სამუშაო დღე რომ დაასრულა, სავარაუდოდ, სიგარეტი იყიდა, რადგან ჩანთაში 2 გაუხსნელი კოლოფი ედო. მერე რა მოხდა, უკვე არავინ იცის. დაჩი ეკლესიის კართან არის დაჭრილი, მერე გამოქცეულია და 150 მეტრი აქვს ნარბენი, ის გარეწარი მისდევდა. ძალიან დიდი დანა ჰქონდა, ხანჯალივით იყო. დაცვის პოლიციის ბიჭებიც ამბობდნენ, რომ ის ადამიანი არაადეკვატური იყო.
– გაქცევა არ უცდია თუ ამის საშუალება არ მისცეს?
– ვერ გაიქცეოდა. დაცვის პოლიციამ იარაღი მიუშვირა, გაჩერდი, თორემ გესვრითო და ისიც გაჩერდა. დანა გადატეხა, რაღაცას გადაარტყა ალბათ. დანა ცალკეა, მისი ტარი კი – ცალკე.
– დანაშაულის თვითმხილველი არ არსებობს?
– არ ვიცი, გამოძიება დაადგენს.
...
დაჩი დარჩიას პიროვნულ თვისებებზე "სარკეს" მისი ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი, კახა ხოშტარია უამბობს:
– მხოლოდ ის ვიცი, რომ დაჩი არავის უნდა მოეკლა. არ იყო ის ადამიანი, ვინც შეიძლებოდა მოეკლათ. დაჩი ნებისმიერ სიტუაციას ანეიტრალებდა ხოლმე. შოკირებული ვარ. დაჩი ჩემთვის მრჩეველი იყო. ალბათ ყველას თავისი წილი დაჩი ჰყავდა. დღეს ყველას საკუთარი დაჩი გარდაეცვალა, რადგან არასდროს არავისთან იყო ერთნაირი.
ჩვენ სექტემბრიდან უნდა დაგვეწყო პატარ–პატარა ნოველების გადაღება, აი, ამ ცხოვრებაზე, ამ უბედურ ქვეყანაზე. ამისთვის ვემზადებოდით. დაჩი მხოლოდ და მხოლოდ იმას უკრავდა, რაც ხალხს უყვარდა, იმის გამო, რომ კომერციული დაინტერესება ჰქონდა. მასზე რომ ამბობდნენ, დიჯეიაო, სიცილით კვდებოდა – დიჯეი არ ვარ, უბრალოდ მუსიკას მუსიკაზე ვაბამო. ის რეჟისორი იყო. მისი კლიპები რომ გადაათვალიეროთ, ყველა მათგანში პატარა ფილმია მოთხრობილი. ლიკა შუბითიძის ყველა კლიპი მისი გადაღებულია. მისი პირველი კლიპი ქეთა თოფურიას "შაირი" იყო, ძმები გულაშვილების კლიპიც მისია... არ ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო. ამას გარდა, ფილმი "ცხოველთა სამყაროც" გადაიღო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პრიზი აიღო. საქართველოს ფარგლებგარეთ სულ იღებდა რაღაც პრიზებს. აქ მხოლოდ სტუდენტური პრიზი აიღო.
დაჩი თავიდან ბოლომდე შემოქმედი ადამიანი გახლდათ. მისი ერთადერთი გეგმა იყო, ფილმის გადასაღებად ფული ეშოვა, რომ იმ ფილმით თავისი სახელი დაეტოვებინა და ასეც იქნებოდა.
...
დაჩი დარჩიას მკვლელობას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა.
"დაჩი როგორ მოგვიკალით, თქვე უღმერთოებო?! ასეთი ცხოვრების მოყვარული და თბილი ადამიანი?! ცუდად ვარ, ძალიან მტკივა გული!" – წერს "ფეისბუქზე" მომღერალი ზურა ხაჩიძე.
"დიჯეი დაჩი დარჩია! ყველაზე თბილი და ნიჭიერი ადამიანი გამოგვაცალა ხელიდან ვიღაც 9–ჯერ ნასამართლევმა კრიმინალმა მკვლელმა! ესეც თქვენი შემცირებული კრიმინალი და შეწყალების პოლიტიკა! მე გაგებით ვერ ვეკიდები ამას" – მუსიკოსი გელა გნოლიძე.
მომხდართან დაკავშირებით საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






