სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული ვიდეო მტკიცებულებად დაუშვა. დაცვის მხარე საქმის მასალებში აღნიშნული ვიდეოს მტკიცებულებად შეტანას ეწინააღმდეგებოდა. „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული ვიდეოს მტკიცებულებად დაშვება პროკურატურამ მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩანიშნული ორივე პროცესი გადაიდო. ერთი მოსმენა, რომელიც დაცვის ყოფილი წევრების ეპიზოდს ეხება, მოსამართლემ პროკურატურის მოუმზადებლობის გამო გადადო.
მეორე კი, სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმე პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო.
ექსპრემიერის დაცვის ყოფილ უფროს კობა ხარშილაძეს და მასთან ერთად ბრალდებულ რამდენიმე პირს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა კი ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, 6 თვის წინ აიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






