თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის დეკემბერში მოკლული 21 წლის ჯემალ შელიას მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას შელიას ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ახლობლების ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული ერთმანეთის ნათესავები არიან, ერთ-ერთი ბრალდებული ტარიელ წურწუმია ამნისტირებული იყო და იგი სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა.
"მკვლელის ცოლმა შემომითვალა, რომ ისეთი კაცი გვყავს, ამათ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენო", - განაცხადა ირა ფიფიამ.
ჯემალ შელია 2013 წლის 24 დეკემბერს, გლდანის მეორე მიკრორაიონში მოკლეს.
როგორც ცნობილია, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელიას მეგობრის დედა ვაჭრობდა, რა დროსაც ძმებმა წურწუმიებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას მოჰყვა გამყიდველის შვილისა და მეგობრის გამოსარჩლება.
"წურწუმიებმა ამ დაპირისპირების დროს სასტიკად სცემეს ახალგაზრდები. ამ ჩხუბის დროს ჯემალ შელია მივიდა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. თუმცა იგი სასტიკად სცემეს თავის არეში, რის შემდეგაც გარდაიცვალა, - განაცხადეს ახლობლებმა.
ახლობლების ინფორმაციით, ჯემალ შელია სიონში სტიქაროსანი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






