,,2012 წლის 25 დეკემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება ალექსი ბახუტოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 ივნისს ციხიდან განსაკუთრებული პატიმარი ალექსი ბახუტოვი გაათავისუფლეს. მისი საქმე იმით არის გამორჩეული, რომ ადამიანი, რომლის მკვლელობაშიც ის ეჭვმიტანილი იყო საბოლოოდ ცოცხალი აღმოჩნდა.
ბახუტოვი 2007 წლის 27 ივნისს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალი ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდო, თელავის რაიონულმა სასამართლომ კი ბახუტოვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გამოძიებისას სამართალდამცავებმა ბახუტოვი არაერთხელ ისე აწამეს, რომ მან დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც დაასახელა. ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვის ბრალდებით პროკურატურამ ასლან გაურაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხია ხეჩოშვილი დააკავა. ამ დროისათვის სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი იყო. ამ ინფორმაციას თელავის სასამართლოშიც ფლობდნენ, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურასა და დაკავებულებს შორის გაფორმებული საპროცესო გარიგება მაინც დაამტკიცა. თავისუფლების სანაცვლოდ გენერალური პროკურატურის ანგარიშზე ათასობით ლარი გადაირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები






