ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პოზიცია ისევ შეცვალეს. ისინი აქამდე საქმის გამოუძიებლობით უკმაყოფილონი იყვნენ და ეჭვებს გამოთქვამდნენ, რომ შესაძლოა, საქმესთან მმართველი კოალიცია ყოფილიყო კავშირში. ოჯახის წევრები დღეს აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი კვალი წაშალა და მტკიცებულებებიდან გასუფთავებული საქმე ახალ ხელისუფლებას გადააბარა, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლება საქმეს გამოიძიებს.
"რასაც ვიცნობ ქალბატონ ლალის ეს ის არ იყო. აშკარად ზეწოლაში იყო, როცა ამ განცხადებებს აკეთებდა. ალბათ მოისყიდეს „ნაციონალებმა“. მართლა არავისი არ გვჯერა, პირადი ადვოკატი როცა ასეთ განცხადებებს გააკეთებს და გიღალატებს, ფაქტობრივად, რაღა უნდა თქვა",-აცხადებს გარდაცვლილის დედა.
შემთხვევიდან პირველი 25 დღის განმავლობაში კვალის შესაძლო წაშლაზე საუბრობს გარდაცვლილის ბებია.
„25 დღის განმავლობაში ცხელ კვალზე უნდა მომხდარიყო ამის გამოძიება, ყველაფერი მაშინ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ იმ დროს ყველანაირი კვალი წაიშალა. არანაირი ღონე არ იხმარეს, რომ გამოეძიებინათ, ყველანაირი კვალი წაშალეს და ეს საქმე გადავიდა მერე ახალი მთავრობის ხელში. ყველანაირი კვალი წაშლილი დახვდათ, მაგრამ გამოძიება მიდის და იმედი გვაქვს, რომ გამოიძიებენ",-განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ.
10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის მკვლელობა თავიდანვე პოლიტიკას და არჩევნებს დაუკავშირეს. გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






