შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი დავით ვანიშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს.
აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ დღეს დილით მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაში მყოფი დავით ვანიშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადმოვიდა.
იგი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეამჩნიეს, სახლში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
დავით ვანიშვილი მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები გაავლეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მას ოკუპანტები ნათესავებთან კომუნიკაციის უფლებას უკრძალავდნენ და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაზე უარს ეუბნეოდნენ. თუმცა ვანიშვილი ყოველ თვე პენსიის ასაღებად და სურსათის შესაძენად ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მაინც ახერხებდა. იგი ოკუპანტებს რამდენიმეჯერ ჰყავთ დაკავებული. სავარაუდოდ, მანამდეც დაკავების მიზეზი იყო ის, რომ ვანიშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.
გიორგი ახალკაცი, გორი, "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






