"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. ცვლილებების თანახმად, უსკო-ს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5-დან 4 წლამდე მცირდება. ამასთან, კანონპროექტი უსკო-ს წევრების კანდიდატურების დასახელების უფლებას ანიჭებს იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებს, უსკო-ს მოქმედ წევრებს კი უფლებამოსილებას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე უწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით იზრდება არასამთავრობო სექტორის როლი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ნაჩქარევადაა ინიცირებული და მათი მიღება ვერ გადაჭრის უმთავრეს პრობლემას, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას გულისხმობს. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არაერთ ხარვეზს შეიცავს, შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კიდევ ერთხელ გამოვედით ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხორციელების თაობაზე. რეფორმის ჭრილში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ რეფორმამ რეალურად უნდა უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური ზეგავლენის განხორციელების შესაძლებლობის რისკი მაქსიმალურად შეამციროს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ საფუძვლიანი და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებით არის შესაძლებელი, ამასთან, უსკო-ს რეფორმაც ერთიანი საარჩევნო რეფორმის ნაწილი უნდა იყოს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობით უსკო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენელი ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში,
რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო, ახალი თაობა ახალი ინიციატივა (NGNI), საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი და სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი უერთდება.
მასალის გამოყენების პირობები






