ევროკავშირმა, უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას გადადონ ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმების ამოქმედება- ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გიუხტმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინული პროდუქციისთვის პრივილეგირებულ სავაჭრო რეჟიმს შეინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტი საბაჟო გადასახადების გარეშე განხორციელდება. ამავე დროს, ევროპული საქონელი უკრაინაში საბაჟო გადასახადებისაგან არ განთავისუფლდება. ამ შეთხვევაში გათვალისწინებული რუსეთის პრეტენზიები, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში საბაჟო გადასახადების გარეშე შესული ევროპული საქონელი მის ბაზარზე აღმოჩნდება და მის ეკონიმიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.
„ჩვენ შევთანხმდით შეთანხმების ამოქმედების 2015 წლის ბოლომდე გადატანაზე. ეს იძლევა გარკვეულ დროს, რათა განვიხილოთ ის პრობლემები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას“, - განაცხადა გიუხტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში სტაბილიზაციის მისაღწევად იქნა მიღებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამმხრივი შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა „შენარჩუნდეს ბალანსი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რეალიზაციასა და რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას შორის“.
მოლაპარაკებაზე რუსეთის წარმომადგენლის ალექსეი ულიუკაევის განცხადებით, მოლაპარაკება ადვილი არ იყო მაგრამ შეთანხმება მიღწეულია .
„ მხარეები შევთანხმდით იმაზე, რომ საჭიროა დრო რათა არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს, ამიტომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ მისი იმპლიმენტაცია გადაიდო 2015 წლის 31 დეკემბრამდე.“ -განაცხადა მან
მასალის გამოყენების პირობები






