მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპისპირება და გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ჩაშლილი ვიზიტი. იქონიებს თუ არა უარყოფით გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე სახელმწიფო ინსიტუტებს შორის ბალანსის მოშლა და და უნდა ველოდოთ თუ არა, არსებული დაპირისპირების ფონზე, პრეზიდენტის მხირდან საკუთარი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას, - „ნიუპოსტი“ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა, რომელიც არ ეთანხმება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლა ექს-პრემიერი მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ვიზიტის ჩაშლაზე მუშაობა.
„დღეს, საქართველოს პირველი პირები, პირველ პირებად აქცია ბიძინა ივანიშვილმდა და გასაგებია, რომ აქვს თავისი მოსაზრება ამ ადამიანების მოღვაწეობაზე. ასევე, ამ ადამიანებს შეიძლება ივანიშვილის მიმართ გარკვეული ვალდებულებებიც ჰქონდეთ. მეორეა ის, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო ინსტიტუტებს წარმოადგენენ და შესაბამისად ამ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსის პატივისცემა არის ყველანაირ ადამინურ ურთიერთობებზე მაღლა. რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა ექს-პრემიერის განცხადება ვიზიტის ჩაშლას, ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ საათში ამ ვიზიტის ჩაშლა ვერ მოესწრებოდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ განცხადებამდე ადრე ხელისუფლებამ დაიწყო ვიზიტის ჩაშლაზე მუშაობა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, მსგავს საკითხებზე დაპირისპირება ხელს უშლის საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას ანგრევს.
„ეს არის ბრძოლა, რომელსაც გამარჯვებული შეიძლება არც ჰყავდეს, რადგან აქ არ არის მნიშვნელოვანი პიროვნებებს შორის დაპირისპირება. მთავარი ის არის, რომ ამ ბრძოლას დამარცხებული ჰყავს - სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლება. ვინმეს წარმოუდგენია, როცა თვეების განმავლობაში მიდის ბრძოლა, რომ ვის ექნება სტიპენდიების გაცემის უფლება, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ამ ბრძოლაში სახელმწიფო ინსტიტუტები არ დაზარალდება. როდესაც ქვეყანა მწვავე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, ეს დრო ხმარდება იმის გარკვევას, თუ ვინ უნდა დაკიდოს მედალი. მერე არავის გაუკვირდეს თუ საზოგადოებაში ნიჰილიზმი გაჩნდება და მხარდამჭერები თვალსაჩინოდ შეუმცირდება ხელისუფლებას“, - აცხადებს ლაგაზიძე.
ექსპერტი ამ შემთხვევაში ხელისულფების დანაშაულად აღიქვამს იმას, რომ ქვეყნის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ისინი აღიქვამენ, როგორც გამოწვევას. არადა, ექსპერტის თქმით, ერთ სახელისუფლებო გუნდში სხვადასხვა ხედვის მქონე პოლიტიკური ლიდერების არსებობა და თავსებადობა ,,ხელისუფლების ყველაზე კარგი სავიზიტო ბარათი იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში".
„ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას აღიქვამს არა როგორც შანსს, არამედ როგორც გამოწვევას და ამ განსხვავებულობისგან შანსს კი არ ქმნის, არამედ მაქსიმალურად ცდილობს ეს განსხვავებულობა დათრგუნოს. ხელისუფლება ცდილობს მორჩილების პრინციპზე ააგოს სახელისუფლო ვერტიკალი. ხელისუფლებას არ ჩვევია არავის რჩვევების გათვალისწინება, მაგრამ ვურჩევდი, რომ ამ სიტუაციას შეხედოს როგორც სავიზიტო ბარათს.
თუმცა ხელისუფლება ცდილობს დადებითი ჩანასახები საკუთარ წიაღში ჩაახშოს. ეს მარტო მარგველაშვილის მიმართულებით გაჩენილი ტენდენცია არ არის. ხელისუფლების შიგნით გამოჩენილი ყველა სახიერი პოლიტიკოსის მიმართ ეს ტენდენცია ავტომატურ რეჟიმში იწყებს ამოქმედებას. თუ ვინმე პოპულარულია და საზოგადოებისთვის მისაღები, დანარჩენი ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების თვალში მისი ავტორიტეტის შელახვას“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, გიორგი მარგველაშვილმა ახალი პოლიტიკური გუნდი შექმნას, ექსპერტი ამბობს, რომ მოვლენების ესე განვითარება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
„ვერ გეტყვით რამდენად არის შესაძლებელი. მან თქვა, რომ არ აპირებს ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებას და ის არის უბრალოდ საქართველოს პრეზიდენტი. ვერანაირ ნიშნებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, თუმცა სამომავლოდ არაფერი გამორიცხული არ არის, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც საზოგადოების 30 % არც ერთ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს“, - აცხადებს ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები






