უწმინდესმა პრეზიდენტი და პრემიერი დალოცა და ღვთის წინაშე სათნო საქმეების კეთება უსურვა.
,,თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ აღვავლენთ მადლიერების ლოცვებს, რომ შეგვაძლებინა ეს 35 წელი ვყოფილიყავით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე და ჩვენ თაყვანსა ვცემთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა, რომ შეგვაძლებინა ამ ჯვრის ტარება. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს უკან საქართველოა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს. ,,სული შენი სახიერი მიძღოდა მე ქვეყანასა წრფელსა’’ – ეს სული წმინდა იყო მუდამ ჩემთან და საქართველოსთან და მადლობა უფალს, რომ ქართველმა ხალხმა და ყველამ, ვინც ცხოვრობს საქართველოში სულიერად გაიღვიძა. მე მოგმართავთ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ორივეს გაქვთ დიდი დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. მე მინდა, დაგლოცოთ და გისურვოთ ღვთის წყალობა სუფევდეს თქვენ ზედა, რათა აკეთებდეთ ისეთ საქმეებს, რომლებიც სათნო იქნება წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა ჩვენისა. მე ვმადლობ უფალს, რომ ღვთის სიყვარული და ჩვენი ერის თანადგომა და სიყვარული მუდამ იყო ჩემთან და საქართველოსთან. საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საქართველო გაბრწყინდება ღვთის მადლით და წყალობით. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა საქართველოს თავისი კალთა და ვერავითარი მტერი, ვერც შინაგანი და ვერც გარეშე მტერი, ვერაფერს დააკლებს საქართველოს", - ბრაძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






