თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები რიყის გასხვისების ეპიზოდზე მსჯელობენ.
წინა სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და საქმეს მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნა დაერთო. ადვოკატების განცხადებით აღნიშნული მტკიცებულებით ბათილდება ამ საქმესთან აქამდე არსებული დასკვნა.
სასამართლო პროცესზე სიტყვით გიგი უგულავაც წარსდგა და პროკურორებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა:
„წარმოვადგინეთ მსოფლიოში არსებული ხუთი ორგანიზაციიდან ერთერთის დასკვნა, აუდიტორული შეფასება, თუ რა შეიძლება ღირდეს კონკრეტული რიყის ტერიტორია, ამაზე უმტკივნეულო რა უნდა იყოს? წესით, ეს არის ის საკითხი, რომელზეც კვლევა ბრალდების მხარეს თვითონ უნდა ჩაეტარებინა და შესაბამისად ამ ყველაფრის, რასაც დღევანდელი სასამართლო პროცესი იქნებოდა, ამის აუცილებლობა არ იქნებოდა, იმიტომ, რომ ყველა დავინახავდით მის რეალურ ფასს და არა იმ შეთითხნილ პასკვილებს, რომელსაც პროკურატურა როგორც უნდა თავისი ჯიბის ექსპერტებით საზოგადოებას აწვდის.
ჯოზეფ ქეი ორჯერ რომ დაკითხეთ ამ ეპიზოდზე, რატომ არ გაგახსენდათ მისი დაკითხვა ერთი წლის წინანდელ ამბავზე, თუ როგორ აღმოჩნდა მის ხელში ეს ტელევიზია და რატომ ხდება ისე, რომ პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით ხდება ადამიანი, რომელიც ჯერ შემოგვასაღეთ როგორც მსხვერპლი და ახლა არ გინდათ აღიაროთ იგივე ადამიანი, როგორც დამნაშავე“, - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






