მინსკში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
მოლაპარაკებას წინ უძღოდა კონსულტაციები საბაჟო კავშირის, უკრაინისა და ევროკავშირის ფორმატში.
ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის ევროინტეგრაციაში, რადგან ეს რუსეთისთვის სერიოზული ზარალის მომტანია.
პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია ხვალ, თურქეთში პუტინისა და პოროშენკოს კიდევ ერთი შესაძლო შეხვედრის შესახებ. ქვეყნების პრეზიდენტები ერდოღანის ინაუგურაციაზე არიან მიწვეულები.
„ჩვენ ვისაუბრეთ სისხლისღვრის შეჩერების აუცილებლობაზე. საჭიროა პოლიტიკური გზით მოგვარდეს ის პრობლემები, რომლის წინაშეც უკრაინა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დგას. რუსეთი ამ პოლიტიკური პროცესისთვის ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე ან კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის შესაძლოა შეთანხმებებზე ჩვენ ვერ ვისაუბროთ, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მხოლოდ ნდობის ატმოსფეროს შექმნას. ჩვენ დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ. მე და პრეზიდენტი პოროშენკო ვთვლით, რომ უნდა განვაახლოთ დიალოგი ენერგეტიკის და მათ შორის გაზის საკითხებზეც. ეს შეხვედრა მთლიანობაში ძალიან სასარგებლო იყო. ჩვენ შევეცდებით 12 სექტემბრამდე ჩამოვაყალიბოთ ის საკითხები, რაზეც რუსეთი და საბაჟო კავშირი ღელავს. დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პარტნიორებთან, რომ უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რისკების მატარებელია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






