11 რუსი სამხედრო უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზეტა.რუ“ ავრცელებს.
„ეს იყო ქალაქი სნეჟნოე, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვარი. კოლონას „გრადებით“ შეუტიეს“, - განაცხადა სტავროპოლის ჯარისკაცთა დედების კავშირის წარმომადგენელმა ლუდმილა ბოგატენკომ.
მისივე ინფორმაციით 9 აგვისტოს სპეცდანიშნულების რაზმის 9 წევრი გარდაიცვალა. თუმცა, ეს სრული სია არ არის: „11 აგვისტოს კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, 27 წლის უფროსი ლეიტენანტი ევგენი პილიპენკო, 38 წლის პოდპოლკოვნიკი იური პეშკოვი“, - განაცხადა ბოგატენკომ. მისთვის ასევე ცნობილია სხვა დაღუპულების შესახებაც, არიან დაჭრილებიც, ისინი როსტოვის, ჰანკალისა და სხვა ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადანაწილებულნი.
დაღუპული სამხედროების ცხედრები მათ ოჯახებს უბრუნდება. „შემდეგ დაღუპულთა ოჯაცებს სწერენ, რომ გარდაცვლილები უკვე გათავისუფლებულნი იყვნენ სამხედრო სამსახურიდან, მათი გარდაცვალება კი გაუგებარ ვითარებაში მოხდა. სხვა შემთხვევებში წერენ, რომ გარდაიცვალნენ სამხედრო სწავლების დროს. დაღესტანში ახლობლებთან სატელეფონო კავშირი გვაქვს. რა უნდა ვუთხრა მათ, თუ მათ შეატყობინეს, რომ სამხედრო მოხელე გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა“, - განაცხადა ბოგატენკომ.
გასული კვირის მიწურულს, დაღესტანში ადგილობრივი გაზეთი ,,ნათი" თანამემამულეების დაღუპვის შესახებ ახლობლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ 5 სამხედრო გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






