სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძე მისთვის და მასთან ერთად გასამართლებულებისთვის ციხეში შექმნილ პირობებს იხსენებს. ამის შესახებ ბიბილურიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:
„ბევრს გარეთ არ ჰქონდა ის, რაც ჩვენ ციხეში გვქონდა - ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილურები, კონდიციონერი... არ გვაკლდა გართობა, ქალები, საჭმელ-სასმელი.
თვითონ ციხის თანამშრომლებს მოჰყავდათ მეძავები.
როდესაც დაგვაკავეს, პირველად "რეზბალნიცაზე" მიგვიყვანეს, სადაც ერთი ღამე გავათენეთ. თავიდან იყო მოლაპარაკება, რომ იქ უნდა მოგვეხადა "ლაითად" სასჯელი. იმ საღამოს ჩვენთან დათა და ბაჩო ახალაიები, "მასტერა" (გია დგებუაძე) და მთელი უფროსობა მოვიდა. "გაბაზრდა", რომ იქ ვიყავით და ატყდა ამბავი. მეორე დღეს მოვარდა შეშინებული კახა ბუცხრიკიძე (ბაჩოს მაშინდელი მოადგილე, ამჟამად დეპუტატი და, ღაჭავას დის ქმარი), არიქა, ბაჩომ დარეკა, სასწრაფოდ მეშვიდეში გადაიყვანეთო. გადაგვიყვანეს ძველი შსს-ს შენობაში, მე-3 სართულზე, სადაც ჩვენ გარდა არავინ იყო. მე-7-ში თვე-ნახევარი დავყავით.
იქ ჩვენი საკნის კარი ღია იყო, თავისუფლად ჩავდიოდით ციხის დირექტორის, მეგის ქარდავას კაბინეტში, ვგრილდებოდით, ტელევიზორს ვუყურებდით, ეზოში გამოვდიოდით... გვქონდა სამეული, სამზარეულო, ორი მაცივარი, ტელევიზორი საკაბელოთი, ტელეფონები, კომპიუტერები, პაემანზე შემოდიოდა ყველა, ვისი ნახვაც გვინდოდა - არა მარტო ოჯახის წევრები. დაცვას არავინ ეკითხებოდა, ვინ შემოეშვა ჩვენთან. სასმელიც ულევი გვქონდა.
ჩვენთან ბაჩოც მოდიოდა ხშირად. მიდიოდა დალევა, გულაობა... იცოდა, რომ კარგი საჭმელ-სასმელი გვქონდა, იჯდა ჩვენთან კამერაში და ეძლეოდა განცხრომას... ვანო "კაპეზეზე" მოვიდა და გაგვამხნევა, გამაგრდით, არაფერზე ინერვიულოთ, მალე ოჯახებში იქნებით, აქ ვარ, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთო. იმანაც დალია, მოილხინა და წავიდა...
საპროცესო როცა უნდა გაფორმებულიყო, პროკურორს ჩვენთვის ფორმალურად უნდა ეკითხა, დამკვეთები თუ არსებობენო და ჩვენც კამერების წინ უნდა გვეთქვა - არაო. ჩვენგან ერთ-ერთმა გაიხუმრა, არას არ ვიტყვი, ჩართე კამერა, ყველაფერი უნდა ვაღიაროო. გამომძიებელმა დავით ჩხატარაშვილს დაურეკა და აცნობა, მე-7-ში პანიკააო. იარაღებით მოგვიცვივდნენ "მასტერა", დათა და სპეცრაზმელები, რა დღეში ხართო? როცა მიხვდნენ, ხუმრობა იყო, შეგვეშვნენ...
მოგვისაჯეს თუ არა, ავჭალაში, მე-10 დაწესებულებაში გადაგვიყვანეს, რომელიც ჩვენს მისვლამდე გაარემონტეს. იქ უფრო დიდი სივრცე და მეტი ჰაერი იყო, გვქონდა აუზიც. გიამ ბაჩო დაგვალაპარაკა, რომელმაც გვკითხა, ხომ "გაგისწორდათო". ბაჩო იქაც მოდიოდა, თავს ვალდებულად თვლიდა, რადგან მის ძმას ერთი ადგილი მოვწმინდეთ. თვითონაც ერთობოდა, ჩვენთან ერთად სვამდა ვისკის, კონიაკს... ხან დღეში ორჯერაც მოსულა, ხომ არაფერი გჭირდებათო.
არ გვაკლდა დელიკატესები, ჩინური თუ იაპონური კერძები.
ერთხელ ბაჩო სპეციალურად მოვიდა, ჩინური ე.წ. საპახმელიო დელიკატესი მოიტანეს, წვნიანი. რომ დავინახე, გული გამისკდა - მატლებით, კალმარებით და კიდევ რაღაც მწერებით იყო სავსე“, - აცხადებს ბიბილურიძე.
მასალის გამოყენების პირობები






