ნიკოლოზ ვაშაკიძე
მასალა გამოქვეყნებულია ანალიტიკურ ინტერნეტ გაზეთში: ,,iveria.biz"
რუსეთმა უკრაინაში, რომ იტყვიან, სერიოზულად „შეტოპა“ და ამით საკუთარი კრახი საგრძნობლად დააჩქარა. დასავლეთში და, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში, მწიფდება აზრი, რომ რუსეთის ფედერაცია დღევანდელი ფორმით უუნარო და სახიფათო ქვეყანაა და პრობლემა გადაწყვეტას მოითხოვს. უკვე ამოქმედდა საკმაოდ სერიოზული სანქციები და თანდათან იკვეთება, რომ ეს სანქციები მიმართულია არა პუტინის ლოკალურ, მოკლევადიან დაშოშმინებაზე, არამედ, მსოფლიოს სერიოზულ თავის ტკივილად ქცეულ, „რუსეთის პრობლემის“ რადიკალურ და გარანტირებულ გადაწყვეტაზე. ბევრი მიხვდა დასავლეთში, რომ, ე.წ. „ბოროტების იმპერიის“ ნგრევა სულაც არ დასრულებულა 90-ანი წლების დასაწყისში და საქმე ბოლომდეა მისაყვანი. დიდი ალბათობით, ეს მიდგომა კიდევ უფრო გაძლიერდება 2016 წლის აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების მერე და რუსეთის მიმართ აშშ-ს რადიკალურად გამკაცრებულ პოლიტიკას ევროპაც უფრო მძლავრად აუბამს მხარს. რა თქმა უნდა, ბრძოლა, ძირითადად, ეკონომიკურ ველზე წარიმართება და ისედაც სუსტი და მახინჯი რუსეთის ეკონომიკა და სახელმწიფო ამ კონფრონტაციას ვერ გაუძლებს. ბეჭებზე დადებულ რუსეთს კაპიტულაციის პირობებს უკარნახებენ და, ცხადია, რუსეთის გატანჯული სამეზობლოსათვის მრავალი ძველი პრობლემის მოგვარების შანსი გაჩნდება. საქართველოში ამას ბევრი დიდ იმედებს უკავშირებს, მაგრამ ეიფორიას არ უნდა მივეცეთ. საქმე გაცილებით უფრო რთულადაა.
საუბარია ე.წ. „კუდის მოქნევაზე“, რომელიც ახლო წარსულიდან ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. უნდა ვიცოდეთ, რომ როცა მოსკოვი, გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეულ გეოპოლიტიკურ პოზიციებს თმობს, ყოველთვის იტოვებს მათი დაბრუნების შანსს. დათმობის მომენტში მოსკოვი ყოველთვის ცდილობს შექმნას ისეთი რეალიები, რომლებიც მას სიტუაციის კონტროლისა და მომავალში მისი შემოტრიალების საშუალებას მისცემს. სამწუხაროდ, როგორც წესი, კრემლის ნაბიჯები ომთან, პროვოკაციებთან, სისხლთან და ნგრევასთან არის დაკავშირებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის მოახლოებული საფრთხიდან გამომდინარე, მოსკოვმა პროვოცირება გაუკეთა მთიანი ყარაბაღის სისხლიან კონფლიქტს და ისე დანასისხლად გადაკიდა ერთმანეთს ორი მეზობელი ერი, რომ მრავალი ათწლეულის პერსპექტივით დაუკარგა სამხრეთ კავკასიის რეგიონს ნორმალური პოლიტიკური თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის პერსპექტივა და ამ ქმედებით უზრუნველყო თავისი სამხედრო-პოლიტიკური ყოფნის აუცილებლობა რეგიონში.
რუსეთმა საქართველო, მისი დამოუკიდებლობის პირველივე ნაბიჯებიდან, სეპარატიზმის მწვავე პრობლემას შეაჯახა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში და უმძიმეს კონფლიქტში გახვია და ორივე კონფლიქტი თავისი სამხედრო-პოლიტიკური ყოფნის საფუძვლად აქცია. საბჭოთა კავშირის რღვევის მომენტში სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ განხორციელებული აქციები ორ ათწლეულზე მეტია მას რეგიონში გავლენის შენარჩუნების, პოლიტიკური მანიპულირებისა და მისი ხელახლა შემოერთების შანსის აძლევს.
რუსეთის ნაბიჯები არ ყოფილა სპონტანური. რუსეთის რევოლუციამდელი იმპერიაც და საბჭოთა კავშირიც ძალადობაზე დამყარებული დაპყრობილი ერების პოტენციურად მყიფე კონგლომერატი გახლდათ და ამიტომ, რუსულ პოლიტიკურ ტრადიციაში მყარად არის გამჯდარი საჭიროების შემთხვევაში ბინძური სცენარის წინასწარ მომზადება. რომელიც, ძირითადად, სპეცსამსახურების მიერ იწერება. მათ შესაბამის მომენტში ასამოქმედებლად კი ნიადაგი ყოველთვის გულმოდგინედ მზადდება. როგორც აღვნიშნეთ ,,სცენარისტები’’, ძირითადად, სპეცსამსახურები არიან - რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ფსბ), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) მემკვიდრე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გრუ). სწორედ ეს სტრუქტურები არიან იმპერიული ინსტინქტის მთავარი მატარებლები და მოშლილი სახელმწიფოს პირობებშიც კი საკმაოდ ორგანიზებულად ანხორციელებენ თავიანთ ბოროტ საქმეს.
თითქმის 15 წელია რუსეთს სათავეში ფსბ-ს (სუკ) საკადრო ოფიცერი ვლადიმერ პუტინი უდგას. მან თავისი მშობლიური სპეცსტრუქტურები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პირობებში ჩააყენა და ისინი საუკეთესო დაფინანსებისა და უმაღლესი ხელისუფალის ზრუნვის პირობებში ჩვეულ ბნელ საქმეებს განაგრძობენ. ასე რომ, თუ რუსეთმა 90-ან წლებში ისე მოიქნია კუდი, რომ დღემდე აწეწილი სიტუაცია ვერ დაგვილაგებია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ მას დასავლეთთან განცდილი მარცხის გამო ჩვენი რეგიონიდან უკან დახევა მოუწევს, ის აუცილებლად კარგად მომზადებულ, უსიამოვნო და საშიშ კომბინაციებს გაგვითამაშებს. რუსეთი შეეცდება რეგიონში საგრძნობი არეულობის შეტანას, რათა კვლავ დარჩეს ზემოქმედების ბერკეტები და უკან დაბრუნების შანსი
რას უნდა ველოდოთ ამ თვალსაზრისით?
დასავლეთთან სტრატეგიული მარცხის მომენტისათვის რუსეთი საგრძნობლად დასუსტებული იქნება ეკონომიკურად. დიდი ალბათობით, მორიგ სამხედრო ავანტიურაში, საკუთარი მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს. ამავე დროს, მისი აგრესიული პოლიტიკა და ინტერვენციული საქმიანობა რადიკალურად მხილებული და დაგმობილი იქნება საერთაშორისო არენაზე, ხოლო დასავლეთს საგრძნობი ბერკეტები ექნება მასზე ზემოქმედებისათვის. ამდენად, მისი ორბიტიდან საბოლოოდ ამოსახტომად გამზადებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ რუსეთს პირდაპირი აგრესიის არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური რესურსი ექნება.
ამავე დროს, რუსეთს უაღრესად რთული ვითარება შეექმნება ჩრდილო კავკასიაში. ეს რეგიონი თითქმის მთლიანად ცენტრის დოტაციაზე ზის და ისედაც მერყევი, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, დღეს, მოსკოვი უამრავ ფინანსურ რესურსებს ხარჯავს. უეჭველია, რომ ეკონომიკური კრახის შედეგად კრემლი რეგიონის დოტაციის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, რასაც სოციალური და პოლიტიკური აფეთქება მოყვება. რა თქმა უნდა, მეტროპოლიის დასუსტებით მაშინვე ისარგებლებენ რეგიონის სეპარატისტული და ისლამისტური ძალები და სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ფორმირებები, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის სტაბილურობას.
ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რას მოიმოქმედებს ამ ვითარებაში რუსეთი. ის ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის მასშტაბური კონფლიქტის პროვოცირებას მოახდენს. მოსკოვი ვეღარ შეძლებს ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების დოტაციის გაგრძელებას, სამაგიეროდ უხვად მიაწვდის მათ შეიარაღებას და თავისი აგენტურის მეშვეობით, რომელიც მრავლად ჰყავს როგორც ამ რესპუბლიკების ოფიციალურ სტრუქტურებში, ასევე რეგიონში არსებულ სხვადასხვა ჯურის შეიარაღებულ ოპოზიციაში, ხელს შეუწყობს მრავალრიცხოვანი ბანდიტურ-ტერორისტული არმიების ჩამოყალიბებას და მათ მიმართავს სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს და აზერბაიჯანის საძარცვავად და ასაწიოკებლად. იმ ძალებს, რომლებიც შეეცდებიან იმოქმედონ რუსეთის ტერიტორიაზე, კრემლი სასტიკ და დაუნდობელ პასუხს გასცემს, ხოლო მათ, ვინც გეზს სამხრეთ კავკასიისკენ აიღებს, ყოველმხრივ წაახალისებს, დაეხმარება და ზურგს გაუმაგრებს. ამით მოსკოვი შეეცდება რამოდენიმე ამოცანის გადაჭრას - პირველ რიგში, საკუთარ პრობლემების მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე გადაიტანს. ამავე დროს, მოსკოვი თავის ბნელ გეგმებს სხვისი ხელით განახორციელებს და პრობლემას უკონტროლო ძალებს გადააბრალებს. ცხადია, რუსეთი შეეცდება ისე წაკიდოს კავკასიელები ერთმანეთს, რომ მათ შორის მტრობა გაღრმავდეს და ისე გადაწვდეს მომავალ თაობებს, რომ პრინციპულად შეუძლებელი გახდეს კავკასიელ ხალხთა თანაარსებობა „მაყურებლის“ გარეშე. ამავე დროს, ამ გზით სამხრეთ კავკასიის ისეთი არევა და აწიოკება მოხდეს, რომ მან საბოლოოდ დაკარგოს ნორმალური პერსპექტივა და დასავლეთთან ინტეგრირების უნარი. თავად დასავლეთის მხრიდანაც ასეთ რეგიონთან ინტეგრაციის ინტერესი, რა თქმა უნდა, დაიკარგება. საბოლოოდ, აშლილ და არეულ სიტუაციაში რეგიონის ერთადერთი „დამლაგებლის“ როლში ისევ რუსეთი მოგვევლინება. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ის შეეცდება ახალი რეგიონული თამაში გააჩაღოს თურქეთისა და ირანის ჩართვით. არ არის გამორიცხული, რომ არეულობის კულმინაციაში დასავლეთმაც და რეგიონის ქვეყნებმაც თავად ჩარიონ რუსეთი სიტუაციაში და მან შესაბამისი ტექნიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერაც მიიღოს. ამ ვითარებაში რუსეთი შევა დასავლეთთან გრანდიოზული ვაჭრობის პროცესში და შეეცდება თავისი დანაკარგების აღდგენასა და გეოპლიტიკური პოზიციების ხელახლა გაფართოვებას.
არანაირი გარანტია არსებობს იმისა, რომ რეგიონის არევის შემთხვევაში სიტუაცია მოსკოვის შემუშავებული სცენარით განვითარდება. ბოთლიდან გამოშვებული ჯინი, როგორც წესი, საკუთარი ნებასურვილის მიხედვით დანავარდობს. სამაგიეროდ, არსებობს მყარი გარანტია იმისა, რომ თუ მოახლოვებული საფრთხე დროულად არ შევაფასეთ და წინასწარი ზომები არ გავატარეთ, გარანტირებულად მივიღებთ რეგიონში სტაბილურობის ნგრევას, სახელმწიფოებრიობის მოშლას, უამრავი ადამიანის და ოჯახის აწიოკებასა და ხანგრძლივი პერსპექტივით ნორმალური განვითარების შანსსაც დავკარგგავთ.
ამდენად, უბრალოდ, ვალდებულები ვართ ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ არსებულ საფრთხეს ავიცილოთ თავიდან.
პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების სისტემის სათანადო დონეზე აყვანა, რაც იმთავითვე მინიმუმადდე დაიყვანს საქართველოზე წამოსვლის ცდუნებას, ხოლო წამოსვლის შემთხვევაში საწყის ეტაპზევე ისეთი დამაჯერებელი პასუხის გაცემა უნდა შევძლოთ, რომ შემდგომი მცდელობის სურვილი შემცირდეს, ან დაიკარგოს.
რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ამ საქმეში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ენჭებათ - მათ სწორ ამოცანებზე ორიენტირებასა და შესაბამის მომზადებას. ჩრდილოეთიდან მომდინარე პარამილიტარული საფრთხე პრაქტიკულად არ ფიგურირებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების საკითხში. ეს სასწრაფოდ გამოსაწორებელია. სათანადოდ არის გასათვლელი საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხეების შემოღწევის გზები, პარამილიტარული ფორმირებების მოქმედების სპეციფიკა, მათთან დაპირისპირების სტრატეგია და ტაქტიკა და ჩასატარებელია მთელი სისტემის და ცალკეული ქვედანაყოფების შესაბამისი მომზადება.
ცხადია, განსაკუთრებული როლი ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მასზედ დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების ნაწილებს. აუცილებელია, შესაბამისი ამოცანებიდან გამოდინარე, მათი მოქმედებების კოორდინირება შეიარაღებული ძალების ნაწილებთან და ფუნქციების შესაბამისი გამიჯვნა.
მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკუთვნის სამხედრო და საგარეო დაზვერვასა და კონტრდაზვერვას და მათ კოორდინირებას. ჩრდილოეთიდან მომდინარე პარამილიტარული საფრთხეზე მუშაობამ მყარად უნდა დაიკავოს თავისი ადგილი ამ სტრუქტურების ყოველდღიურ მუშაობაში.
ზედმეტია საუბარი იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სისტემისა და პოლიტიკის საერთო მართვასა და კოორდინაციას. ამ ხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს. პოლიტიკანური მიზნების მისღწევად კონსტიტუციის დამახინჯებისა და შემდგომში პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კინკლაობის შედეგად შექმნილი სამარცხვინო სიტუაცია დამღუპველ ზეგავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების სისტემაზე. უსაფრთხოებისა და უშიშროების საბჭოების პრალელური არსებობა, მათი პრაქტიკული უფუნქციობა და, შედეგად, უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის სერიოზული დეფიციტი დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ამ კუთხით სიტუაცია კარდინალურად დასალაგებელია.
გადამწყვეტი როლი დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას ეკისრება. რუსეთის დასუსტების შედეგად წარმოქმნილი ახალი შესაძლო საფრთხეები აქტიური განხილვის თემა უნდა გახდეს აშშ-სთან და ნატოსთან და ამ საფრთხეების ადექვატური გააზრების შედეგად სწორი დახმარებისა და თანამშრომლობის პროგრამებია დასაგეგმი საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გასამტკიცებლად და, ასევე, ის პოლიტიკური ნაბიჯებია გასათვლელი, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების მიერ საფრთხეების შესამცირებლად უნდა გადაიდგას.
უაღრესად მნიშვნელოვანია საკითხისადმი რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში მიდგომა. პირველ რიგში, საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოებაა ერთიან კონტექსტში გასააზრებელი და, შესაბამისი მომზადება, საერთაშორისო დახმარების ჩართვით , კოორდინირებულად და ერთიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით უნდა ხდებოდეს. სომხეთის სპეციფიკური გეოპოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, შეუძლებელია ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობას რეგიონის არევის პერსპექტივა არ ადარდებდეს და ქვეყნის რუსეთთან სამხედრო და სტრატეგიული მოკავშირეობის მიუხედავად, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიცია და რესურსი რეგიონის წინაშე არსებული ახალი საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კუთხით. აუცილებელია, თურქეთთან მუდმივი კონსულტაციებისა და თანამშრომლობის რეჟიმი, რათა რეგიონის ამ უმნიშვნელოვანესი ქყვეყნის დიდი რესურსი სწორი მიმართულებით იქნეს გამოყენებული.
აუცილებელია, რა თქმა უნდა, თავად ჩრდილო-კავკასიელ ხალხთან და საზოგადოებასთან შესაბამისი მუშაობა, ურთიერთობა და კონტაქტი, რაც სამწუხაროდ, ახლა საერთოდ შეწყვეტილია.
ისმის კითხვა: პასუხობს თუ არა ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლების დღევანდელი მდგომარეობა არსებულ პოტენციურ საფრთხეს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ აქ სერიოზული პრობლემები გვაქვს. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური რეალობა არ არის სახარბიელო. ხელისუფლებაში მოსულია არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად გაუნათლებელი გუნდი. ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ნაკლებად არის კონცენტრირებული ქვეყნის წინაშე მდგარ სტრატეგიულ ამოცანებზე, ისინი სამარცხვინო პოლიტიკანური ომით ერთობიან. სიმართლე უნდა ითქვას - სერიოზულობა და მოწიფულობა მთავარ ოპოზიციურ და დანარჩენ პოლიტიკურ ძალებსაც საგრძნობლად აკლიათ. სწორი და გააზრებული პოლიტიკის გატარებას სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩვენს პოლიტიკურ დღევანდელობაში დამკვიდრებული უწყებებისა და ზოგადად სახელმწიფოს ჩრდილოვანი ფიგურების მიერ მართვის უკიდურესად მავნე პრაქტიკა.
უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ შეძლებს მომდგარი პოტენციური საფრთხის ვერც სწორად დანახვას და ვერც მასზე ადექვატურ რეაგირებას. ვფიქრობ, თუ ჩვენს საზოგადოებაში ძირეული ცვლილება, პრინციპული პოლიტიკური ნოვაცია არ მოხდა, შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შედეგადაც საკმაოდ არაეფექტურ და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად დაქსაქსულ ხელისუფლებას მივიღებთ, რაც განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა სახელმწიფო სერიოზული საგარეო საფრთხის წინაშე დგას. საქართველო, დღეს, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ამოცანის წინაშე დგას: აუცილებელია ახალი პოლიტკური ფურცლის გადაშლა, საზოგადოების წიაღში უნდა აღმოცენდეს მძლავრი ნებელობითი იმპულსი, რომელიც მას მრავალწიანი კონფრონტაციიდან კონსოლიდაციაზე გადაამისამართებს. უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ახალი პოლიტიკური ბირთვი, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო ინტელექტუალური პოტენციალის მოზიდვას. ახალი ძალის შემადგენლობაში უნდა გაერთიანდენ ქვეყანაში სახელმწიფოს მართვის სხვადასხვა დარგში და სხვადასხვა დროს მოღვაწე არაპოლიტიზირებული საუკეთესო კადრები, ქვეყნის სხვადასხვა სფეროს საუკეთესო სპეციალისტები, მოწინავე ახალგაზრდობა და, ასევე, სხვადასხვა, თუნდაც დღეს დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ის წარმომადგენლები, რომლებიც თავისი დონიდან გამომდინარე შეძლებენ დააყენონ სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები პირად და ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა. ეს ძალზედ ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. თუ ეს ვერ შევძელით, ქვეყანა მის წინაშე მდგარ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. ახალმა ძალამ მომდევნო არჩევნების შედეგად უნდა შეძლოს პროფესინალ პატრიოტთა ხელისუფლების ფორმირება, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და ამოცანების სწორად დანახვას და მათ ეფექტურად გამკლავებას შეძლებს.
მასალის გამოყენების პირობები






