მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდება. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი; თბილისის ოპერის თეატრისა და კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი; ანსამბლი "რუსთავი". ასევე, სოლისტები: თეონა დვალი (სოპრანო), ქეთევან ქემოკლიძე (მეცო-სოპრანო), ირაკლი კახიძე (ტენორი), რამაზ ჩიკვილაძე (ბანი), ალექსანდრე ვასაძე (ორგანი). კონცერტის დირიჟორია ვახტანგ კახიძე
შესრულდება ზაქარია ფალიაშვილის, ბახის, მოცარტის, პუჩინის, ბეთჰოვენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან არიები, ასევე, უწმინდესის საგალობელი Ave Maria. საიუბილეო საღამო ანსამბლ რუსთავის "მრავალჟამიერით" დასრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. პატრიარქს სახელი ილია მეორე მიეკუთვნა. ილია პირველი საქართველოს ეკლესიას 1600 წლის წინ, 390-400 წლებში მართავდა.
მასალის გამოყენების პირობები






