რუსეთი ერთმორწმუ-ნეობას ყოველთვის იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის
პოზიცია - 17:14, 22 Dec, 2012     2239

თუმცა, მიზეზთა გამო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ბევრი შავი ლაქა დღემდე ტაბუირებულია.

თვით 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეწ „აგვისტოს მოვლენებს“ უწოდებენ. მეტიც, საზოგადოების ნაწილი აგვისტოს ომს რუსეთ-საქართველოს შორის პირველ სისხლიან კონფლიქტად მიიჩნევს და მის ინიციატორად საქართველოს წინა ხელისუფლებას ასახელებს. თავი რომ დავანებოთ სხვადასხვა ფორმაციის რუსეთის მხრიდან 200 წლის მანძილზე განხორციელებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას, საქართველო-რუსეთის ისტორიაში არაერთხელ ჰქონია ადგილი საომარ მოქმედებებს. გთავაზობთ ყოველი საომარი მოქმედების მოკლე მიმოხილვას:



რუსეთ-საქართველოს მთიულეთის ომი (1802) – ომი გამოიწვია სამხედრო გზის შენებისას რუსი ოკუპანტების გადამეტებულმა სისასტიკემ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. მოვლენებს გააჩნია საომარი მოქმედებების მკაფიოდ გამოხატული ნიშნები. საომარი მოქმედებების არეალი იყო თანამედროვე მცხეთა-მთიანეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. საბრძოლო მოქმედებებისას მთიელთა მიერ დაკავებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები, როგორც დუშეთი და ანანური. ყველაზე წარმატებულ ოპერაციად შეიძლება მივიჩნიოთ აგვისტოს თვეში დუშეთში მდებარე საოკუპაციო ყაზარმის განადგურება. ქართველ მთიელთა საველე მეთაურები იყვნენ ბურდული, ნაზღაიძე, ჩქარეული, ბენიანიძე და ბედოიძე. საომარი მოქმედებები გრძელდებოდა 1802 წლის მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით. საბოლოოდ, გენერალ ციციანოვისა რაზმმა ქართველ კოლაბორაციონისტებთან ერთად შესძლო მთიანეთზე კონტროლის დამყარება და მთიელ ამბოხებულთა მიმართ ფართომაშტაბიანი რეპრესიების გატარება.



რუსეთ-საქართველოს 1804 წლის მთიულეთის ომი დღემდე არ არის სათანადო დონეზე ასახული ქართულ ისტორიოგრაფიაში და ამ მოვლენებს დღემდე „მთიულეთის აჯანყება“ ეწოდება.



რუსეთ-საქართველოს კახეთის ომი (1812) – ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საომარი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. საბრძოლო მოქმედებები დაბა ახმეტაში დაიწყო. მოგვიანებით, ქართულმა საბრძოლო შენაერთებმა მოახდინეს თელავისა და სიღნაღის დეოკუპაცია. 1812 წლის ომს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ფართომაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, ვინაიდან არსებობდა ფრონტის ხაზიც, რომელიც ავჭალამდეც კი ვრცელდებოდა. რუსეთის საოკუპაციო ჯარი იყენებდა კავალერიასა და საზარბაზნო არტილერიას. ინტენსიური ბრძოლების შედეგად მიწასთან გასწორდა დაბა ახმეტა. ქართველთა მხარეს მონაწილეობდნენ დაღესტნელი, ჩერქეზი და ჩეჩენი მოკავშირეებიც. ამბოხებულთა რაზმებს სათავეში ედგა ალექსანდრე ბატონიშვილი. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს 1812 წლის ომისას ქართლ-კახეთის მეფედ გამოცხადებულიქნა გრიგოლ I იოანეს ძე. 1812 წლის მარტში სოფელ ჩუმლაყთან ქართველ მეამბოხეებსა და რუსეთის საოკუპაციო ჯარს შორის მოხდა გადამწვვეტი ბრძოლა, რომელიც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველთა დამარცხებით დასრულდა. ომის დასრულების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ასობით მეამბოხე დასაჯა სიკვდილით ან გადაასახლა ციმბირში. აღნიშნული მოვლენას ქართულ საისტორიო ლიტერატურაში მცირე ადგილი ეთმობა და კახეთის „აჯანყებად“ მოიხსენიება.



რუსეთ-საქართველოს იმერეთის ომი (1819-1820) – ამ ომის მიზეზი რუსი საეკლესიო პირების იმერეთის მოსახლეობისადმი არასათანადო მოპყრობა იყო. ეს გამოიხატებოდა გადასახადებისა და შრომითი ბეგრის გაზრდაში. 1819 წელს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ქართველმა მეამბოხეებმა დაამყარეს კონტროლი რაჭისა და იმერეთის ტერიტორიაზე. ქართველ მებრძოლებს თანაუგრძნობდა გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობაც, თუმცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მუქარის გამო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმას ვერ ბედავდა. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ გურიის მთავრის ბიძას, ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. 1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. 1820 წლის მაისში რუსეთის იმპერიამ მოახდინა დამატებითი საოკუპაციო რაზმების მობილიზება და 1821 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში კვარას ციხესთან დაამარცხა მეამბოხეები, რის შემდეგაც მოახდინა რაჭის მშვიდობიანი სოფლების მასიური დარბევა. ასევე გენერალ ველიამინოვის მიერ არტილერიის გამოყენების გზით განადგურებულიქნა გურიის სოფლები შემოქმედი, გრიგოლეთი და ნიგოზდიდი. სადამსჯელო ღონისძიებების შედეგად დაპატიმრებულიქნა 70 კაცზე მეტი, რომელთაგან 10 სიკვდილით იქნა დასჯილი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გარდა ტერმინისა იმერეთის „აჯანყება“, ფართოდ გამოიყენება ტერმინი საეკლესიო აჯანყება. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არასდროს არ აღუნიშნავს რუსეთ-საქართველოს იმერეთის ომის რაიმე მრგვალი თარიღი.



რუსეთ-საქართველოს გურიის ომი (1841) – საომარი მოქმედებების მიზეზი ბატონყმობა და გლეხთა არნახული ექსპლუატაცია იყო. გოგია ვადაჭკორიას მეთაურობით შეიქმნა 220 კაციანი პარტიზანული დაჯგუფება „ფირალი“, რომელმაც 1841 წლის 3 ივნისს დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. პარტიზანული ბრძოლა სულ-უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებდა და მასში 7000-მდე მეამბოხე იქნა ჩართული. 9 აგვისტოს სოფელ გოგორეთთან ქართველმა პარტიზანებმა გაანადგურეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის საოკუპაციო საჯარისო ნაწილი, რის შედეგაც კონტროლი დაამყარეს თითქმის მთელი გურიის ტერიტორიაზე. პარტიზანებმა აგრეთვე უკუაქციეს ქართველი კოლაბორაციონისტებისგან შემდგარი რაზმები. მეამბოხეთა წინააღმდეგ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი გაიგზავნა პილკოვნიკ მ. არგუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის კოლაბორაციონისტებისგან შემდგარი მილიცია. 5 სექტემბერს დილით, მ. არგუთინსკი-დოლგორუკოვმა, ადგილობრივი კოლაბორაციონისტი თავად-აზნაურთა რჩევით, მეამბოხეებს ზურგში მძიმე დარტყმა მიაყენა. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა პარტიზანთა ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი პარტიზანი დაიღუპა. რუსეთ-საქართველოს ომის ეს მონაკვეთი სხვათა მსგავსად მიჩქმალულია და მას გურიის „აჯანყება“ ეწოდება.



რუსეთ-საქართველოს სამეგრელოს ომი (1856-1857) – გურიის ომის მსგავსად, სამეგრელოშიც აჯანყების მიზეზი ბატონყმობა იყო. ამბოხის ეპიცენტრი სოფელი სალხინო იყო. უტუ თოდუას მეთაურობით, 4 ათასამდე პარტიზანი იქნა მობილიზებული. 1857 წელს ბრძოლებმა მთელი სამეგრელოს ტერიტორია მოიცვეს. 1857 წელს მოხდა ყველა ლოკალური პარტიზანული კერის გაერთიანება და ამ გაერთიანებას სათავეში უტუ მიქავა ჩაუდგა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მეამბოხეთა წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართა. აგვისტო-სექტემბერში მეამბოხეთა და საოკუპაციო ჯარებს შორის ინტენსიური ბრძოლები გაიმართა ქვალონთან (ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი), ჯვართან, თეკლათში (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი), მარტვილის მონასტერთა, ნახუნუში (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი), ზუმში (ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). ოქტომბერ-ნოემბერში მთავრობის ჯარებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს ამბოხის ჩასაქრობად. ტერიტორიების დაკავების პროცესში ხდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დარბევა და მარადიორობა. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულ მოვლენას სამეგრელოს „აჯანყება“ ეწოდება.



რუსეთ-საქართველოს სვანეთის ომი (1875-1876) – რუსეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი. ფარჯიანისა და შერვაშიძის მეთაურობით სოფელ ლალხორში ჩამოყალიბდა 2 ათას კაციანი პარტიზანული დაჯგუფება. რუსეთის იმპერია თითქმის ერთი წლის მანძილზე ვერ ახერხებდა სვანეთის უდიდეს ნაწილზე კონტროლის დამყარებას, რისთვისაც რეგიონში გადასროლილიქნა საარტილერიო ბატარეით აღჭურვილი 1200 კაციანი საოკუპაციო დანაყოფი. სადამსჯელო ექსპედიციაში მონაწილეობდა აგრეთვე ყაბარდოელ და აფხაზ კოლაბორაციონისტთა დაჯგუფებაც. 1876 წლის 21 აგვისტოს დილით დაიწყო სოფელ ხალდეს შტურმი, რომელიც 27 აგვისტოს მეამბოხეთა შეპყრობით, ხალდეს აღებით და მიწასთან გასწორებით დამთავრდა. ცოცხლად გადარჩენილი ქართველი პარტიზანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნა დაპატიმრებული ან გადასახლებული ციმბირში. აღსანიშნავია, რომ სოფელი ხალდე დღემდე ნანგრევებად არის ქცეული და ჯერ არ დამდგარა მისი რეაბილიტაციისა და მისთვის გმირი-სოფლის სტატუსის მინიჭების საკითხი. აღნიშნული მოვლენები ქართულ ისტორიოგრაფიაში სვანეთის „აჯანყების“ სახელით არის მოხსენიებული.



რუსეთ-საქართველოს  აფხაზეთის  ომი  და  აფხაზთა  ეთნიკური  წმენდა (1867, 1877-1878) – რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის ანექსიის შემდეგ, თითქმის მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პარტიზანული ბრძოლები. ყველაზე გამოჩენილ საველე მეთაურთა შორის შეიძლება დასახელდნენ აჰმედ უბილავა (აუბლაა), შაბათ და ესშოუ მარშანიები. შედეგად, მოხდა აფხაზთა მასიური ეთნიკური წმენდა. წმენდა წარიმართა ორ ნაკადად – 1867 და 1877-1878 წლებში. შედეგად, 50 ათასზე მეტი აფხაზი იძულებით გასახლებულიქნა ოსმალეთის იმპერიაში. ეთნოწმენდის შედეგად, აფხაზეთის უდიდესი ნაწილი გაუკაცრიელდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენები მოიხსენიება როგორც მუჰაჯირობა, თუმცა აღნიშნული ტერმინი არ შეესაბამება მოვლენათა არსს. არაბული სიტყვა მუჰაჯირ (مُهَاجِرٌ) ისლამის მიმდევრობის მიზნით ნებაყოფლობით გადასახლებულ პირს აღნიშნავს, თუმცა გადასახლებულ აფხაზთა შორის ისლამის მიმდევრების გარდა იყვნენ როგორც ქრისტიანები, ასევე აფხაზური ტრადიციური რელიგიის მიმდევრებიც. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სეპარატიზმის იდეოლოგები აფხაზთა ეთნიკური წმენდის ინიციატორებად ქართველებს ასახელებენ, თუმცა იმდროინდელი ქართული პატრიოტული ელიტა სოლიდარობას უცხადებდა აფხაზებს.



აჭარაში   ქართველთა   ეთნოწმენდა (1877-1878) – აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან განთავისუფლების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ მიზნად დაისახა რეგიონის მოსახლეობისგან გაწმენდა. სხვადასხვა პროვოკაციების, დაშინებისა და აგენტურული მუშაობის შედეგად აიძულა დაეტოვებინა სამშობლო. განსაკუთრებით მაჭახელას ხეობა დაზარალდა. ათიათასობით ქართველი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა.



რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომები (1918-1919) – საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, საქართველო ხდებოდა რუსეთის მხრიდან პერმამენტული თავდასხმების ობიექტი. 1918 წელს წითელი არმია ადგილობრივი კოლაბორაციონისტების მხარდაჭერით შეიჭრა გუდაუთასა და ახალ ათონში. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში დაუყოვნებლივ შეიყვანა რეგულარული არმიის ნაწილები, რომელთა სათავეშიც გენერალ გიორგი მაზნიაშვილი იდგა. ქართულ რეგულარულ არმიას აფხაზთა 300 კაციანი კავალერიაც შეუერთდა. შეტევაზე გადასულმა ქართულმა არმიამ უკუაქცია ოკუპანტი. 3 ივლისს დეოკუპირებულიქნა გაგრა და ადლერი, 6 ივლისს სოჭი, 26 ივლისს კი ტუაფსე. წითელინ არმიის შემდეგ აფხაზეთის ოკუპაციის მცდელობა 1919 წელს ჰქონდა თეთრ არმიას დენიკინის მეთაურობით. 1919 წლის 24 იანვარს ქალაქ სოჭში დაბანაკებულმა მცირერიცხვოვანმა ქართულმა გარნიზონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტს, თუმცა ამის მიუხედავად დენიკინის რაზმებმა შესძლეს სოჭის დაკავება. ამავე წლის 14 მარტს, დენიკინის მიერ დაკავებული იქნა გაგრა და მეხადირი. ბრიტანელთა შუამავლობით გამართულ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა სადემარკაციო ხაზის მდინარე ფსოუზე გავლება. შემდგომ მდინარე ფსოუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველო-რუსეთის საზღვრად იქნა აღიარებული.



საქართველოს ოკუპაცია (1921) – 16 თებერვალს საბჭოთა საოკუპაციო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტების ჩათვლვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული “საქართველოს რევოლუციური კომიტეტი”, რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტებისგან შედგებოდა. მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა. მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია.ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებერვლისა. საბოლოოდ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საბჭოთა საოკუპაციო არმიამ 1921 წლის 25 თებერვალს აიღო საქართველოს დედაქალაქი. თბილისის დაცემის შემდეგ, ინტენსიური პარტიზანული ბრძოლები გრძელდებოდა 1924 წლამდე გენერალ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით.



ქართველ მთიელთა ეთნიკური წმენდა (1940-1950) - ქართველი მთიელები, რომელზედაც კომუნისტური იდეოლოგიის გავლენა ნულს უდრიდა, საბჭოთა რეჟიმისათვის დიდ ტავისტკივილს წარმოადგენდნენ. ნებისმიერ მომენტში არსებობდა მთიელთა აჯანყების საფრთხე. ამის პრევენციისთვის, „კოლექტივიზაციის“ მიზეზით 40-50 იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა ქართველი კოლაბორაციონისტების დახმარებით დაიწყო ქართველ მთიელთა იძულებითი ჩასახლება ბარში. გასახლების პროცესში ადგილი ჰქონდა მასიურ მარადიორობასა და უნიკალური ციხე-კოშკების მიზანმიმართულ განადგურებას. ბარში იძულებით ჩასახლებულ მთიელთა საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა ეპიდემიის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ პროცესებს ჰქონდა ეთნიკური წმენდის მკაფიო ნიშნები. ქართველ მთიელთა ეთნოწმენდის შედეგად დაიცალა საქართველოს სტრატეგიული კუთხეები. მაგალითად, ხევსურეთში, რომლის მოსახლეობაც რამდენიმე ათასს ითვლიდა, დღეს 500 კაცზე ნაკლები სახლობს, ხოლო თუშეთის 57 სოფლიდან დღეს მხოლოდ 7 მხცოვანი მოსახლე დარჩა.

 

ალეკო კვახაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42