როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, 24 წლის ჯიდო ფიცხელიანმა თავი მოიკლა. უწყების განმარტებით, არსებული მონაცემებით, მკვლელობა არ დასტურდება. მათი თქმით, თვითმკველობას თანამესაკნეებიც, მათ შორის გარდაცვლილის დეიდაშვილიც ადასტურებს.
გარდაცვლილის დების განცხადებით, ისინი კატეგორიულად უარყოფენ სასჯელაღსრულების მიერ გავრცელებულ თვითმკვლელობის ვერსიას. მათი თქმით, ფიცხელიანი თავს არ მოიკლავდა, რადგან საპატიმრო ვადის დასრულებამდე სულ ათი თვე ჰქონდა დარჩენილი
,,სამი დღით ადრე დაგვირეკა და გვითხრა, რომ უდოზე უარი მოუვიდა. პირიქით, აქეთ გვამხნევებდა და გვეუბნებოდა, რომ არ ინერვიულოთ, ეხლა მაინც რომ გამოვიდოდი, ათ თვეს გამომაყოლებდნენ, გამოვალ მაშინ როცა დავამთავრებ სასჯელსო. არც ისეთი ხმა ჰქონია, რომ რამეზე ენერვიულა. დედაჩემთანაც დარეკა და ჩვეულებრივად ელაპარაკა. უდოს პასუხზე უარის გამო მე გამოვრიცხავ, რომ მას თავი მოეკლა, ექვის წელი მე ვნახულობდი მას და ჩემი ძმის სახეზე არაფერი მინახავს ისეთი, რომ დათრგუნული ყოფილიყო“, - აცხადებს ფიცხელიანის და.
თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს გარდაცვლილის დედა, მისი თქმით, შვილს რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა და ის სამომავლო გეგმებზე ელაპარაკებოდა.
,,გუშინწინ ველაპარაკე და აქეთ მამხნევებდა, რომ გამოვალ ყველაფერს მე გავაკეთებ, თქვენ თავს მოუარეთო. ის თავს არაფრით არ მოიკლავდა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
,,გარდაცვლილი საპირფარეშოში იპოვეს მისმა თანამოსაკნეებმა. საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის ზედამხედველობით. ჩატარებულია სამედიცინო ექსპერტიზა და შედეგებს ველოდებით. ბრალდებულთან ერთად საკანში მისი დეიდაშვილი იმყოფებოდა, რომელიც დანარჩენ თანამესაკნეებთან ერთად ადასტურებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა",- აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






