შვედეთის საგარეო საქმეთა მინისრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა რუსეთის მხრიდან ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ მხარდაჭერის შეწყვეტაა. უკრაინული მედიის ცნობით, ბილდტმა ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენ ფოკუსირებას ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ვახდენთ, ე.წ სახალხო რესპუბლიკებში უკრაინის აღმოსავლეთით. ეს - კატასტროფაა. ტერორისტებმა ჩამოანგრიეს ადგილობრივი ეკონომიკა და რესპუბლიკის მოსახლეობა უკვე აღარ არის მოსახლეობა, იმის გამო, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საკუთარი რეგიონი დატოვა. ამ სიტუაციიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება არის ის, რომ რუსეთმა დაასრულოს ე.წ სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერა, რაც ჰუმანიტარული კრიზისის მიზეზი გახლავთ“, - აღნიშნა ბილდტმა.
„ჩვენ დეესკალაცია გვჭირდება, მაგრამ ერთადერთი, ვინც ესკალაციას განაგრძობს, ეს რუსეთია. კონკრეტული ფოტოები გვაქვს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსული ჯავშანტრანსპორტიორები უკრაინის საზღვრებს კვეთენ. ეს საერთაშორისო უფლებების დარღვევაა. რამდენიმე თვეა მოვუწოდებთ დაუსვან წერტილი ამ ყოველივეს, მაგრამ არაფერი იცვლება. ჩვენ უნდა განვიხილოთ სიტუაცია და შევაფასოთ. ჩვენს პოლიტიკურ სიგნალებში ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ“, -დასძინა ბილდტმა.
ბილდტი სანქციების ახალ ეტაპსაც არ გამორიცხავს.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






