ადვოკატი ოთო კახიძე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას არ ელოდება.
„ნიუპოსტთან“ საუბარში კახიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით მელნიკოვმა ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა.
„მოსალოდნელი არ არის, რომ ოლეგ მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, თუმცა ვნახოთ რას მოიმოქმედებს პროკურატურა. ვერ გეტყვით, რას უკავშირდება ოლეგ მელნიკოვის გუშინდელი აღიარება. მე ვიცი, რომ მელნიკოვის ციხეში ყოფნის პერიოდში მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა. თუმცა რა შეთანხმებას მიაღწიეს პროკურატურამ და მელნიკოვმა, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით ამ თემაზე ექს-პრეზიდენტთან არ მისაუბრია“, - განაცხადა ოთო კახიძემ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვი ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს. მელნიკოვის სკანდალური ჩვენების მთავარი ადრესატები მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან. ასევე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, სოსო თოფურიძის, დათა ახალაიას და გია ალანიას ბრალეულობაზე საუბრობს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






