ევროკავშირი გეგმავს მოლაპარაკებები აწარმოოს ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებთან, კერძოდ - ბრაზილიასთან და ჩილესთან, რომლის ფარგლებში მათ რუსეთში ექსპორტის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.
გამომცემლობის ინფორმაციით, ბრაზილიაში 90 საწარმოა, რომლებიც რუსეთში ექსპორტზე გასასვლელ ქათმის, საქონლისა და ღორის ხორცს ამუშავებს. ჩილეც დიდი მოგების მოლოდინშია იმის გამო, რომ რუსეთმა ევროპულ თევზს ემბარგო დაადო. მსგავსმა ქმედებებმა ამ ორი ქვეყნის მხრიდან ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია.
„ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებების წარმოებას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ ჩვენი ექსპორტი ჩაანაცვლონ რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ველით, რომ ისინი მსგავსი ქმედებისგან თავს შეიკავებენ“, - აცხადებს რედაქციასთან საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენელი.
მისი განცხადებით, გარკვეულმა კომპანიებმა შესაძლოა რუსეთთან ახალი კონტრაქტები გააფორმონ, თუმცა, მისივე განმარტებით, ქვეყნების მხრიდან რთული მოსაძებნი იქნება ამ ნაბიჯის გასასამართლებელი საბუთი.
7 აგვისტოს დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესა, რუსეთმა აკრძალა დასავლეთის ქვეყნებიდან თევზის, საქონლისა და ღორის ხორცის ექსპორტი, ასევე შეზღუდვები დაუწესდა ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაში შეტანასაც. ამ პროდუქტების რუსეთში ექსპორტი იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან და აშშ-დან.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






