შს ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები 26 მაისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ პროკურატურის გააფრთებულ ბრძოლას ყოფილი პრეზიდენტის, ვანო მერაბიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის გაგრძელება პოლიტიკური დევნისა. განსაკუთრებული მოლოდინი ამ პროცესის მიმართ არც გვქონდა. მათ წინასწარ ჰქონდათ განზრახული ეს შედეგი, რაც გამოცხადდა“, - განაცხადა ჩივიაშვილმა და დასძინა, რომ დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
სააპელაციო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
აღნიშნული საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 28 ივლისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ იყო გასული.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






