_საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არათუ ადექვატურად არ ჟღერს, არამედ მე მიმაჩნია, რომ ეს არის სამარცხვინო და უნიჭო პოზიცია. ასეთი რა, მითუმეტეს კონსტრუქციულ კრიტიკაზე, არ ჰქონია შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი. აქ ისმის ერთადერთი კითხვა, რამდენად არის ეს პოზიცია უნიჭობით და არაპროფესიონალიზმით გამოწვეული? თუ ეს არის მიზანმიმართულად, განზრახ დაფიქსირებული პოზიცია, რადგან ერთი ხელით ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და მეორე ხელით ამ ასოცირების ხელშეკრულების შინაარს, რეალურად, ვანადგურებთ. ასე, რომ რამდენად არის ეს უნიჭობის და უნიათობის ბრალი და არ წარმოადგენს განზრახ გადადგმულ ნაბიჯს, ეს არის მთავარი კითხვა, რაც მე მაინტერესებს.
_თქვენ ახსენეთ, ხომ არ არის ეს განზრახ დაფიქისრებული პოზიცია. თუ ეს ასეა, მაშინ რა მიზანს ემსახურება თქვენი აზრით, დასავლელი პარტნიორების მიმართ განზრახ ასეთი დამოკიდებულება?
_შეიძლება სპეკულაცია გამომივიდეს, მაგრამ როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და იძახის, რომ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციებს არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, როცა ის ასე იტყუება, ბევრი რამ შეიძლება მართლა არ იცის ქალბატონმა მინისტრმა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იცი მან ნამდვილად, რადგან წლების განმავლობაში საქართველოს ეს უფლება გააჩნდა. უკრაინის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა მიიღო საკუთარი საერთო საგარეო და უსაფრთხოების ფარგლებში, ამ პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ განცხადებებთან საქართველოს მიერთების უფლება გააჩნია არათუ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, არამედ რამდენიმე წელია უკვე ამას ვაკეთებთ და ასეულობით ასეთ განცხადებასთან ვართ მიერთებული. ამიტომ, როცა გამოდის მინისტრი და ამას პირდაპირ იტყუება და ფაქტობრივად იგივე პოზიციაზე დგება, რაზეც დგას ლავროვი და უფრო მეტიც, როცა ცივილიზებული სამყაროს არცერთ წარმომადგენელს ასეთი რამ არ უთქვამს, როცა იაპონიაა შეერთებული ამ სანქციებს, მათ შორის სხვადასხვა კონტინენტებიდან, კანადა და ა.შ., ასეთ დროს ამ პოზიციების დაფიქსირება რომ გავაანალიზოთ, მართლაც სერიოზული კითხვები ჩნდება - რას ნიშნავს და რა მიზნებს ემსახურება?
_ისევ სანქციებთან მიმართებაში, როგორ შეაფასებდით სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას, მაშინ როცა დასავლეთი სანქციებს უწესებს რუსეთს, მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი ინტერესი არის ბაზარი და რომ მორალზე მაღლა შეიძლება საბაზრო ინტერესი დადგეს...
_სხვათაშორის, რაც მესმოდა სოფლის მეურნეობის მინისტრზე, იყო ყოველთვის პოზიტიური, მაგრამ ახლა ნამდვილად გაკვირვებული დავრჩი, როცა მისი განცხადება ვნახე. მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა და ასეთი დებიუტი პოლიტიკაში, ნამდვილად განსაცვიფრებელია. თან ეს დაემთხვა აგვისტოს მოვლენების 6 წლისთავს და ამ პერიოდში, როცა საქართველოს მოქალაქე და მითუმეტეს პოლიტიკოსი აკეთებს ასეთ ამორალურ განცხადებას, რომ ბიზნესი მორალზე მაღლა დგას და ეშმაკთანაც თუ საჭირო გახდა, ბიზნესს გავაკეთებ, ასე გამოდის... ეს თუ საქართველოს მოსახლეობისთვის მისაღებია, მე უბრალოდ ვურჩევდი, რომ ჩავრთოთ გიორგი ანწუხელიძის წამებისა და მკვლელობის კადრები, ვუყუროთ მას მინიმუმ სამჯერ და ამის შემდეგ ბატონი მინისტრის პოზიცია გავიზიართო.
_ამ დღეებში ძალიან აქტიურია თემა ,,გრიფი საიდუმლო“ დოკუმენტის შესახებ, რაც პარეზიდენტსა და პროკურატურას შორის, შეიძლება ითქვას, დაპირისპირების საგანი გახდა. ორი დღეა პასუხის პასუხებს ისმენს ჩვენი საზოგადოება. როგორ შეაფასებთ სახელისუფლო შტოებს შორის ასეთ ურთიერთობას, არის უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა, კომუნიკაციის პრობლემა, კანონთან მიმართებაში შეუსაბამობა თუ საქმე გვაქვს ორ მნიშვნელოვან ინსტიტუციას შორის დაპირისპირებასთან?
_პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ შინაარსობრივად საქართველოს პრეზიდენტი არის აბსოლუტურად მართალი ამ დავაში, მეორე აქ საუბარი არ არის არანაირ კომუნიკაციის ნაკლებობაზე, აქ საუბარია კანონის პირდაპირ და უხეშ დარღვევაზე და მესამე, აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც მთავრობაში ან ნებისმიერ სტრუქტურაში ეს არის ჯანსაღი და მისასალმებელი, უბრალოდ ეს აზრთასხვადასხვაობა, როცა ერთ სტრუქტურაზეა საუბარი, უნდა დარჩეს ამ სტრუქტურის შიგნით, ხელისუფლებას ვგულისხმობ და ეს არ უნდა გახდეს საჯარო განხილვების საგანი. და ბოლოს, რაც ხდება ამის შედეგად ჩვენ ვიღებთ არათუ დემოკრატიას, არამედ ვიღებთ ქაოსს, რადგან ეს არის რეალურად ნიველირება სახელმწიფო ინსტიტუტების. ჩვენ ვიღებთ იმას, რომ სახელმწმიფო სტრუქტურები პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას, არ სცემენ პატივს ერთიმეორის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას და საბოლოო ჯამში იწვევს განცდას, რომ საქართველო არათუ სახელმწიფო, არამედ არის რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია, ან უფრო უარესი, ცხოველთა ერთობა ან ზოოპარკი.
მასალის გამოყენების პირობები






