საქართველოს საზღვრებზე შემომავალი პირების ჯანმრთელობის კონტროლი მკაცრდება. ებოლას ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განსაკუთრებულ ზომებს იღებს. კონტროლი შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც დასავლეთ აფრიკიდან შემოდიან, სადაც ებოლას ვირუსს უკვე ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
„საქართველოში ჯერჯერობით არ არის ეს შემთხვევა და იმედი ვიქონიოთ, რომ არც იქნება, იმიტომ, რომ სახელმწიფომ დაიწყო ზომების მიღება, უკვე არის გარკვეული კონტროლი სასაზღვრო პუნქტებზე, თუ ვინმე შემოდის იმ ქვეყნებიდან, სადაც ებოლას ვირუსი გავრცელებულია, ისინი აყვანილნი უნდა იყვნენ კონტროლზე, მათი საცხოვრებელი ადგილი, მისამართები უნდა იყოს ჩაწერილი, მივიღეთ რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ მოვემზადოთ შესაძლო შემთხვევბის მისაღებად, ეს გულისხმობს იმას, რომ გვქონდეს ამის გარკვეული რესურსი, ეს არის სპეციალური პირბადეები თუ დამცავი კომბინიზონები, ასევე ის მედიკამენტები, რომლებიც ამ დროს საჭიროა“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ ცერცვაძემ.
ებოლას ვირუსის შემთხვევები, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ებოლას ცხელება, ძირითადად ფატალური შემთხვევებით სრულდება. ებოლას ვირუსი თავდაპირველად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა. ვირუსის გადატანა ადამიანებზე ძირითადად გარეული ცხოველებისა და მღრღნელების მეშვეობით ხდება, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გადადის, როგორც სისხლის, ასევე ჰაერწვეთოვნის გზითაც, საშიშია ვირუსით დაავადებული პირის ნივთების შეხებაც.
ებოლა თავდაპირველად 1976 წელს გაჩნდა, სუდანის ქალაქ ნზარასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ იამბუკუში. ვირუსის დაბადება მდინარე ებოლას სანაპიროზე მოხდა, სწორედ აქედან იღებს ვირუსი სათავეს.
ადამიანს ებოლას ვირუსი შესაძლოა შეხვდეს დაავადებული ცხოველის სისხლის ადამიანის სხეულში მოხვედრით ან დაავადებული ცხოველის ორგანოების შეხებით. აფრიკაში ვირუსი გადადის დაავადებულ შიმპანზეებთან, გორილებთან, ანტილოპებთან შეხების შემთხვევაში. საშიშია მკვდარი ცხოველების შეხებაც. იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა ებოლას ვირუსის დამარცხება მოახერხა, შეიძლება ჰაერწვეთოვნის ან სისხლისმიერი მეთოდით დააავადოს სხვა ადამიანი გამოჯანმრთელებიდან 7 კვირის განმავლობაში.
ხშირად ფიქსირდება შემთხვევა მედპერსონალის დაავადებისა, იმ შემთხვევაში თუ დაავადებულთან კონტაქტისას არ არის შესაბამისად მკაცრად დაცული ზომები.
ებოლას ვირუსი იწვევს მაღალ სიცხეს, მოთენთილობას, კუნთების ტკივილს, თავის ტკივილს და ყელის ტკივილს. მას მოსდევს დიარეა, თირკმლებისა და ფილტვების ფუნქციონირების შეწყვეტა, ზოგიერთ შემთხვევაში როგორც დახურული, ასევე ღია სისხლდენა.
ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 2-დან 21 დღემდეა. ეს არის ინტერვალი დავირუსებიდან სიმპტომების გამოვლინებამდე.
ებოლას ვირუსის დიაგნოზის დადგენამდე უნდა გამოირიცხოს შემდეგი დაავადებები: მალარეა, მუცლის ტიფი, ლეიშმანიოზი, ქოლერა, მენინგიტი, ჰეპატიტი.
ებოლას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არ არსებობს არავითარი ვაქცინა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად პერიოდულად ქმნის გარკვეულ ვაქცინებს, რომელთა ტესტირებებიც ტარდება, თუმცა, არცერთმა მათგანმა ჯერჯერობით არ გაამართლა, ისინი კლინიკური გამოყენებისთვის გამოუსადეგარნი არიან.
დიაგნოზის დროულად დადგენის შემთხვევაში არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ დაავადებული გადარჩეს. ძირითად შემთხვევაში ვირუსის დამარცხება ვერ ხერხდება.
1976 წლიდან 2012 წლამდე ვირუსის 2387 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1590 შემთხვევა დაავადებულის გარდაცვალებით დასრულდა. მიმდინარე წელს ვირუსის აფეთქების ყველაზე სერიოზული შემთხვევა ფიქსირდება. 204 წლის 8 აგვისტოს მონაცემებით აფრიკის ტერიტორიაზე ებოლას ვირუსის 1779 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 961 ფატალურად დასრულდა.
ასევე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ვირუსმა აფრიკის კონტინენტის საზღვრებს მიღმა გააღწია. შემთხვევა კანადაში დაფიქსირდა, დაავადებულის ვინაობა არ სახელდება თუმცა, საშიშროების წინაშე დგას ყველა ის ადამიანი, ვისთანაც დაავადებულს კონტაქტი ჰქონდა, განსაკუთრებული საშიშროების წინაშე თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები და თვითმფრინავის პერსონალი არიან.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები