, ამ საკითხებზე სააგენტო ,,ნიუპოსტს“ ისტორიკოსი და პოლიტოლოგი გია მამალაძე ესაუბრა. ის მიიჩნევს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ძლიერი მოკავშირე გვჭირდება. ,,რუსეთთან ჩვენ გვაქვს ომი, მან ტერიტორიები წაგვართვა, ამიტომ ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ომის პოზიციიდან უნდა ვუყუროთ. თუ დავათბობთ ურთიერთობებს, მაშინ ჩვენი ინტერესები უნდა დავთმოთ? ანუ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის და ჩრდილო ქართლის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა? თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ რაღათ გვინდა ეს “ჯანდაბა” დათბობა”.- აცხადებს მამალაძე.
_ ბატონო გია როგორც ვიცი თქვენ საქართველოში მონარქიის აგდგენის მომხრე ხართ, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს დღეს, როცა ბოლო წლებია ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია უკვე გარკვეულია?
_ ,,რესპუბლიკური პარტია“, რომელიც დღეს დომინანტია საქართველოში, მონარქიის მომხრე არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი წყობილების აღდგენა არარეალურია, რადგან ამგვარი მმართველობა უფრო ტრადიციული, ეროვნული, თავისუფლების დამამტკიცებელი და მართმადიდებლურია, იგი კარგი პოლიტიკურ ტექნოლოგიური საშუალებების გამო უფრო გამოადგება ქვეყანს, ვიდრე საპარლამენტო და საპრეზიდენტო მმართველობა. მე და ჩემი კოლეგები დღეს ვმუშაობთ პერსპექტივაზე, ჩვენ ვთვლით, რომ მომავალში შესაძლებელია ქართველმა ხალხმა მოინდომოს მონარქიული წყობა და ჩვენ ამისათვის ვამზადებთ კონცეფციას, კეთდება კონსტიტუციის მონახაზი, მზადდება იდეოლოგია და ვეწევით ამ იდეის პროპაგანდას.
-როგორ ფიქრობთ ხალხის დიდი ნაწილს სურს მონარქიის აღდგენა?
- მინდა გითხრათ, რომ ნატოს წევრია ბრიტანეთიც, ესპანეთიც, ბელგიაც და რამდენიმე მასში შემავალი ქვეყანა, რომლებშიც მონარქიული მმართველობაა, ამიტომ მონარქისტული წყობილების დაბრუნება და თანამედროვე, სახალხო ფორმით დადგენა არანაირად არ შეუშლის ხელს საქართველოს დასავლეთის სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზაზე.
-როგორი შეხედულება აქვს ჩვენი მეზობელი რუსეთის სამეფო ოჯახს საქართველოში მონარქიის აღდგენაზე?
-რუსეთის სამეფო ოჯახი აღიარებს ქართული სამეფო ოჯახის უფლებებს აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლზე (სამხრეთ ოსეთი), ისინი აღიარებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ არის რoმანოვების საკუთრება, და რომ ეს ტერიტორიები ბაგრატიონებს ეკუთვნით, აქედან გამომდინარე მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ საქართველოში მონარქიის აღდგენაზე.
-რამდენად რეალურად მიგაჩნიათ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა?
- რუსეთთან ჩვენ გვაქვს ომი, მან ტერიტორიები წაგვართვა, ამიტომ ჩვენსა და რუსეთს
შორის ურთიერთობებს ომის პოზიციიდან უნდა ვუყუროთ, თუ დავათბობთ
ურთიერთობებს, მაშინ ჩვენი ინტერესები უნდა დავთმოთ? ანუ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის და ჩრდილო ქართლის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა? თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ რაღათ გვინდა ეს “ჯანდაბა” დათბობა. დღეს რუსეთი ჩვენი მტერია და იმ სიტუაციაში, როდესაც საომარ მდგომარეობაში ვართ, მხოლოდ ტყვიები არ ზუზუნებენ. ძნელია ურთიერთობების გამოსწორება მანამ, სანამ ომი არ შეწყდება, ანუ არ გაიყვანენ ჯარებს და არ გამოითხოვენ „ცნობას“. ნატოს რაც შეეხება, განსაკუთრებით აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას, დღეს ამერიკა გარანტიაა იმისა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოებს არ აქვთ აღიარებული აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის „დამოუკიდებლობას“, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა გამოიწვევს იმას, რომ ნატოსკენ სვლას შევწყვეტთ, ეს ფაქტიურად იმ საქციელს
დაემსგავსება იმ ტოტს ჭრიდე, რომელზეც ზიხარ.
-თქვენი აზრით, შეიცვლება თუ არა აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ თუ საქართველო ურთიერთობების დათბობას დაიწყებს რუსეთთან?
- საგარეო ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო, კარგად გვახსოვს, რომ აშშ ყოველთვის ამბობდა იმას, რომ რეფორმები, რომელიც გატარდა საქართველოში პოლიციასა და ჯარში და სხვა დადებითი იყო... ახალმა ხელისუფლებამ მოსვლის პირველი დღეებიდან ამ ორ სტრუქტურაში მომუშავეთა დაპატიმრებები დაიწყო, ანუ გამოდის ის, რომ აშშ-ს ექსპერიმენტი საქართველოს დემოკრატიასთან და მისი რეფორმების ქებასთან დაკავშირებით ტყუილია, ამის გამო ეს ქვეყანა უთუოდ განაწყენდა და აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს ივანიშვილის მთავრობას. რუსეთთან ურთიერთობების „დათბობამ“, რუსეთთან „ჩახუტებამ“ თუ გამოიწვია აშშ-სა და მისი მოკავშირეების განაწყენება, ეს ცუდი იქნება, კატასტროფა იქნება, ეს თავისთავად შეცვლის აშშ-ს დამოკიდებულებას საქართველოსადმი, ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს ის, ვინც დღეს არის ყველაზე ძლიერი, ჩვენ ის არ უნდა გავანაწყენოთ, თორემ მან შეიძლება ხელი აიღოს აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის „აღიარების“ შეკავების პროცესზე, რაც მის ხელშია დიდწილად. მსოფლიოს გეოპოლიტიკის უმთავრესი აქტორი, მეტიც შეიძლება ითქვას - ჰეგემონი, არ უნდა გავანაწყენოთ... ამერიკელები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, მათი პოლიტიკის წინააღმდეგობას.
-საქართველომ ხმა მისცა პალესტინის დამოუკიდებლობას, როგორ ფიქრობთ შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება იყოს წინაპირობა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა?
- ჩემი აზრით, პალესტინის მხარდაჭერა იყო დიდი შეცდომა, ჩვენს დელეგაციას არ უნდა მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა, ან თავი უნდა შეეკავებინათ, როგორც ეს ბევრმა ამერიკის მეგობარმა ქვეყანამ გააკეთა, ეს იყო შეცდომა, როგორც ჩანს ამ ხელისუფლებას ჯერ არ აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული ორიენტაცია, ამას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მისვლა პარლამენტში და თავისი გუნდისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა დახურულ სხდომის მერე ჟურნალისტებთან. ამას მოწმობს, რაც მოხდა პარლამენტში იმ დღეს. ყოველივე ამას ნაკლები გამოცდილებით ვხსნი, მაგრამ ამასთან ერთად მიჩნდება ეჭვიც... პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა აფხაზ ხალხს ეკუთვნოდა დამოუკიდებლობა, რომ ქართველები დამნაშავე ვართ აფხაზებთან, მათ ვჩაგრავდითო და ა. შ. ამ კაცის რეინტეგრაციის მინისტრად დანიშვნა მაეჭვებს, არ მინდა ვიფიქრო, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ... არ მომწონს სახალხო დამცველად ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელიც ამბობს კონფლიქტი ქართულმა მხარებ დაიწყოო, ანუ გამოდის, რომ მან უნდა დაიცვას აფხაზთა და ოსთა უფლებები, აპრიორი ჩვენი დანაშაულის შეგნებით... მაშინ ვერ ვხვდები, ვინღა უნდა დაიცვას ქართველი ერის ინტერესები? დღეს რაც ხდება არის შეცდომების კასკადი, ამიტომ ბატონ ბიძინას მეტი დაფიქრება მართებს გუნდის შერჩევაზე. მან გუნდში ის ადამიანები უნდა შეიყვანოს, რომლებსაც გააჩნიათ მეტი გამოცდილება.
-როგორ ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებით შეიცვლება საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები?
- ისრაელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, არა მარტო იმით, რომ გვეხმარება და იქ დიდი დიასპორა გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ისრაელის წარმომადგენლები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებში. რა თქმა უნდა, მათი „გადაკიდება“ არ შეიძლება, მაგრამ არც არაბებთან დაპირისპირება გვარგებს. ზუსტად ვერ ვიტყვი შეიცვლება თუ არა ურთიერთობები, ისრაელის ელჩმა კარგად თქვა, როდესაც ჰკითხეს საქართველოს მხრიდან პალესტინის მხარდაჭერა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც აღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობასო? მან უპასუხა, რომ ჩვენ დამწყები პოლიტიკოსები არ ვართო (რა მრავლისმეტყველი ფრაზაა)... აქედან გამომდინარე შეიძლება ურთიერთობებში პრობლემები არ გაჩნდეს, მაგრამ ასეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ ამიერიდან.
- რამდენად სწორხაზოვანია ახალი ხელისუფლება სამოქმედო სტრატეგიებში?
- თუ დასაჭერია ვინმე აუცილებლად უნდა დაიჭირო, მაგრამ გააჩნია როდის... გენერლების დაჭერა ნატოს სამიტამდე დიდი შეცდომა იყო. ახალაია შეეძლოთ დაეპატიმრებინათ სულ სხვა ბრალდებებით, მაგალითად პენიტენციალურ სისტემაში მომხდარი ამბებისათვის და ა. შ. და არა როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიმეორებ, ამერიკელები სულ აქებდნენ ჩვენს თავდაცვის სამინისტროს, გამოდის ამ დაპატიმრებებით, რომ ამერიკელები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ, ტყუოდნენ... გვინდა არ გვინდა, უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ს ინტერესები.... ამერიკელები რომ ამბობენ, შერჩევით სამართალს ვაკრიტიკებთო, ქვეტექსტებში გულისხმობენ, რომ ჩვენს ნაქებ რეფორმების ავტორებს ნუ იჭერთო, ჩვენ ნუ გვიტეხავთ სახელსო... ძნელია ამის მიხვედრა?!
ესაა სახელმწიფოს ინტერესი, ესაა ეტატიზმი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ძლიერი მოკავშირე გვჭირდება, ახლა ხომ ომი გვაქვს, ტერიტორიები არის ოკუპირებული... თანაც, როდესაც აცხადებ, რომ ადამიანი „ურჩხულია“ ის უნდა დააკავო როგორც „ურჩხული“ და არა წაუყენო სასაცილო ბრალდებები.
-და ბოლოს რაში ხედავთ გამოსავალს?
-ქართველი კაცისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული და სოციალური მხარე და არა ის, დააპატიმრებენ თუ არა მერაბიშვილს. მოქალაქისთვის, მთავარია გაუმჯობესდეს რელიგიის კანონი, აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა, შეწყდეს ემიგრანტთა შემოსვლა, ქართველს უნდა რომ მის შვილს ზაფხულში ჰქონდეს დასასვენებელი ადგილი, ხოლო ზამთარში კი თბილი „ბათინკი“. ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს პოლიტიკა ეროვნული და სოციალური გარანტიებისკენ მიმართოს, შეარჩიოს კადრები, რომლებიც მეტი გამოცდილებისა არიან (მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მომხრეები), ფრთხილად მოეკიდონ საგარეო ურთიერთობებს და ნაკლებად უსმინოს ისეთ ადამიანებს, რომლებიც შურისძიებაზე არიან ორიენტირებულნი. თუ ეს შესრულდება, გამოსავალიც მოძებნილი იქნება.
მარი ცინცაძე
სპეციალურად ,,ნიუპოსტისათვის“
მასალის გამოყენების პირობები






