თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია ჯოზეფ ქეის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ჯოზეფ ქეი დამაჯერებელ მოწმედ ჩაითვალოს.
„ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა სასამართლოში წარდგენილი მასალები. მასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის გიბრალტარის, ლონდინისა და ფლორიდის სასამართლოების გადაწყვეტილება, სადაც არის პირდაპირ საუბარი, რომ ეს არის მოწმე, რომელსაც არ შეუძლია დამაჯერებელი პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რომლებზეც წესით უნდა ჰქონდეს პასუხები. ეს არის მოწმე, რომელიც არ წარმოადგენს სიმართლის მთქმელ მოწმეს და ეს არის მოწმე, რომელიც არ იძლევა სასამართლოსთვის სარწმუნო განმარტებებს.
ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სხვადასხვა საქმეებზე, მათ შორისო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან არსებულ დავებთან დაკავშირებით, რომელშიც ჯოზეფ ქეი იყო ჩაბმული მათ მოწინააღმდეგე მხარედ. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართულ სასამართლოშიც დადასტურდა, როდესაც ჩვენებები მისცა. ჯოზეფ ქეიმ ვერ ახსნა, თუ საიდან ჰქონდა ამ ადამიანს 11 მილიონი დოლარი, რომელსაც 11 თვის მანძილზე სხვადასხვა ადამიანებს აძლევდა „იმედის“ დასაფინანსებლად.ბიზნესმენი ვერ ასახელებს თუ რომელი საწარმოდან ან საიუდან ჰქონდა 11 მილიონი დოლარი მას.
ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ჯოზეფ ქეი ჩვენების მიცემის დროს, ხშირად ახსენებდა, თითქოს მას გიორგი უგულავა უგზავნიდა საბუთებს, თითქოს მასთან დავით კეზერაშვილის მიერ გაგზავნილი ადამიანი მიდიოდა თანხის წასაღებად და ა.შ. ჩვენ ვკითხეთ, თუ შეეძლო ერთი ადამიანი მაინც დაესახელებინა, რომელსაც გიორგი უგულავასგან მიჰქონდა დოკუმენტები, ასეთი მან ვერ დაასახელა. ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხა. აქედან გამომდინარე, მისი სანდოობა და მისი კეთილსინდისიერება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამასთან, ჯოზეფ ქეიმ თარიღებშიც იცრუა. ის ამბობდა, თითქოს 15-16 დეკემბერს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია დავით კეზერაშვილს, მაგრამ სატელეფონო ამონაწერების დათვალიერებით, რაც მისთვისაც იქნა წარდგენილი, ჩვენ ვნახეთ, რომ დავით კეზერაშვილს მასთან დარეკილი არ აქვს ამ პერიოდში. ამას გარდა, არსებობს უამრავი შეუსაბამობა მის ჩვენებებს შორის“, - განაცხდა ბექა ბასილაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






